-
2017-01-27 18:48
გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სტატიაში „ციხის კადრები გივი თარგამაძეს და გიგი უგულავას გადავეცი“ სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროვებს.
ელისო კილაძე სტატიაში წერს, რომ ვლადიმირ ბედუკაძე მზად იყო, „ნაცების მხრიდან“ მოკავშირეობის შემთხვევაში ე.წ. ციხის კადრების (ცოცხთან დაკავშირებული დეტალები) ინსცენირებაზე და ამ კადრების დამკვეთებზე ესაუბრა, თუმცა, იმის მიუხედავად, რომ კილაძემ ბედუკაძის მზადყოფნის შესახებ გიგი უგულავასა და გივი თარგამაძეს შეატყობინა, მათი მხრიდან რეაგირება არ მომხდარა.
ამ და სხვა ფაქტების ანალიზის შემდეგ ელისო კილაძე ასკვნის, რომ „სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება ერთნაირად შედიოდა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე მისივე თანაგუნდელების ინტერესებში და ეს დაიწყო არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე, არამედ გაცილებით ადრე, 2010 წელს“.
„აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ფრაგმენტს ელისო კილაძის სტატიიდან, რომელიც გაზეთ „ქრონიკა პლუსში“ გამოქვეყნდა:
„...უგულავას დაკავებამდე კი მოხდა კიდევ ერთი სკანდალური ფაქტი, რომლის უშუალო მონაწილეც პირადად მე გახლავართ და დღეს განვითარებული მოვლენების ფონზე და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, თავს ვალდებულად მივიჩნევ, ამ თემაზე საჯაროდ ვისაუბრო.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გადამწყვეტი ფაქტორი ციხის სკანდალური კადრების გასაჯაროება იყო. დღემდე არ წყდება პოლემიკა იმის თაობაზე, როგორ მოახერხა გლდანის ციხის ბადრაგმა ვლადიმერ ბედუკაძემ კადრების გადაღება და დახურული სივრციდან ისე გამოტანა, რომ ამის შესახებ ვერც კუდ-მა, ვერც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერაფერი შეიტყო.
არსებობს არაერთი ვარაუდი და ჭორი ამ პროცესში სააკაშვილის ხელისუფლების ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნების მონაწილეობის თაობაზე. სიმართლე მხოლოდ მაშინ გაირკვევა, როცა პროცესის მონაწილე რომელიმე მხარე, ან კონკრეტულად ვლადიმერ ბედუკაძე საჯაროდ ალაპარაკდება. ეს მცდელობა მას ერთხელ უკვე ჰქონდა, მაგრამ ჩემთვის სრულიად გაუგებარი მოვლენების გამო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმა ფრთამ ამ შანსზე ნებაყოფლობით განაცხადა უარი.
2013 წლის შემოდგომაზე ციხის სკანდალური კადრების ავტორი, ვლადიმერ ბედუკაძე, ყველასგან დაიგნორებული და მიტოვებული, ხშირად სტუმრობდა „ქრონიკა+“-ის ოფისს. მართალია, მას სახელმწიფო დაცვა, ჯერ კიდევ, იცავდა, მაგრამ მატერიალურად ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის გარდა სხვა არავინ ეხმარებოდა, _ თუ ასეთი დაუფასებელი იქნებოდა ჩემი საქმე, საერთოდ, რას მოვიკალი თავი ამ კადრების გამოსატანად, სამსახური მქონდა, ლექციებს ვკითხულობდი, ოჯახს ვუვლიდი, რას ავიტეხე თავის ტკივილიო?! _ ხშირად ამბობდა.
ერთ-ერთი ასეთი შეხვედრის დროს მან ციხის კადრების სრული ვერსია მაჩვენა, მათ შორის, ე. წ. ცოცხების კადრები და მითხრა, რომ ეს სცენა დადგმულია, რეალურად, არანაირი ცოცხით გაუპატიურების სცენა არ ყოფილა, ყველაფერი მხოლოდ გარკვეული მიზნებისთვის გაკეთდაო. თუ ვინმე დაინტერესებული პირი იქნება, ისე გამამწარეს ამათმა (ხელისუფლებას გულისხმობდა), „ნაცების“ მხრიდან მოკავშირე თუ მეყოლება, მზად ვარ, ყველაფერზე საჯაროდ ვილაპარაკოო. მთხოვა, ვინმესთან დამეკავშირებინა.
ლადო ბედუკაძის ამ თხოვნის მერე მე პირადად ვნახე გივი თარგამაძე, დისკზე ჩაწერილი ციხის კადრების სრული ვერსია და ბედუკაძის თხოვნა გადავეცი. ლადო ბედუკაძე თითქმის თვენახევრის განმავლობაში ელოდებოდა გივი თარგამაძის პასუხს. პერიოდულად მთხოვდა, ვინმესთვის კიდევ შემეხსენებია მისი საკითხი. ორი თვის თავზე იგივე კადრების სრული ვერსია, საერთო მეგობრის მეშვეობით, გიგი უგულავას გავუგზავნე.
იქიდან დაბრუნდა კითხვა, _ იყო თუ არა კადრების სანაცვლოდ საჭირო თანხა? რაზეც მკაფიო პასუხი მიიღო, რომ არანაირი თანხა კადრებში გადასახდელი არ იყო.
არც გივი თარგამაძეს, არც გიგი უგულავას არანაირი ინტერესი ციხის კადრებთან და ვლადიმერ ბედუკაძის საჯარო აღიარებასთან დაკავშირებით არ გამოუხატავთ, სამაგიეროდ, უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე იხდიდა ბოდიშებს საჯაროდ, დამონტაჟებული ცოცხების კადრების გამო.
არც ლადო ბედუკაძის წინადადება გახდა მათთვის საინტერესო, მაგრამ გონივრული ეჭვი მაქვს, რომ რომელიმე მათგანმა ხელისუფლებას ხმა მიაწვდინა, რადგან სასწრაფოდ მოხდა ბედუკაძის ჩემგან იზოლირება, მას საინფორმაციო სააგენტო „თბილისი 24“ გაუხსნეს, ზაზა დავითაიას მეშვეობით ჩვენი დაპირისპირების ინსპირირება მოახდინეს და, სრულიად მოულოდნელად, ლადო ბედუკაძის თავდასხმის ობიექტი პირადად მე გავხდი.
აქვე მკაფიოდ უნდა ითქვას ისიც, რომ როდესაც საუბარია ციხის კადრებზე, კარანტინის დაშლის გარდა ყველა სხვა კადრი პირადად ვლადიმერ ბედუკაძეს ეკუთვნის, ხოლო კარანტინის დაშლა, რომელიც სისტემურ დანაშაულს ასახავს, დათა აკობიას მიერაა გადაღებული გიორგი ლომიას ორგანიზებით.
ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება ერთნაირად შედიოდა როგორც „ქართული ოცნების“, ასევე მისივე თანაგუნდელების ინტერესებში და ეს დაიწყო არა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მერე, არამედ გაცილებით ადრე, 2010 წელს“.
ფოტო: მზია საგანელიძე