
CNN-თან რუსეთის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევების შესახებ საუბრისას საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ არჩევნების შედეგებზე გავლენის მოხდენის მიზნით რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებულმა პირებმა საქართველოში ციხის ინსცენირებული კადრები გაავრცელეს.
"2008 წელს ჩვენ პირველი კიბერშეტევები დავაფიქსირეთ. ჰაკერების თავდასხმის ობიექტი გახდა ყველა სამთავრობო კომპიუტერი, ჯერ კიდევ სამხრეთ ოსეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებამდე.
კიბერშეტევები, რასაკვირველია, საერთო ჯამში, ფართომასშტაბიანი ომის ნაწილია. მაშინ მოსკოვი ფსონს დებდა ცრუ, არასწორი ინფორმაციის გავრცელებაზე. საქართველოს შემთხვევაში მათ ციხეებში პატიმრებისადმი მოპყრობის კადრები გააყალბეს. შემდგომში გაირკვა, რომ ამ ინსცენირების უკან იდგნენ პირები, ვინც მჭიდროდ თანამშრომლობდნენ რუსეთის დაზვერვასთან.
გამოქვეყნების შემდეგ ეს ვიდეორგოლი მიზანმიმართულად და სწრაფად გავრცელდა, როგორც ხანძარი ტყეში და სწორედ ის გავლენა იქონია, რასაც კრემლი გეგმავდა, ასე რომ, მაშინ კრემლის საქმე გაკეთდა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, რუსეთის სპეცსამსახურები ქართველი პოლიტიკოსების სატელეფონო საუბრების ჩაწერითა და არჩევნების წინ ან სხვა "მნიშვნელოვანი მოვლენის წინ", პოლიტიკური კრიზისის ზღურბლზე, ინტერნეტში მათი გავრცელებითაც იყვნენ დაკავებულნი.
სააკაშვილის განცხადებით, ის კარგად იცნობს პუტინს და იცის, როგორ იყენებდა ამ ტაქტიკას რუსეთი. ამასთან, პუტინთან პირადი საუბრებიდან გამომდინარე, სააკაშვილმა დაასკვნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მუდამ საქმის კურსშია იმის შესახებ, თუ რას საქმიანობს დაზვერვა:
"ის ამით ამაყობს და ვერასდროს, ვერავინ გაბედავს, მისი ნებართვის გარეშე იმოქმედოს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი არ არის ერთადერთი პოლიტიკოსი და ქვეყნის ყოფილი მმართველი, რომელიც კიბერშეტევის გზით რუსეთის მხრიდან სხვა ქვეყანაში არჩევნების შედეგებზე გავლენის მცდელობის შესახებ მიანიშნებს.
ასე მაგალითად, 2016 წლის დეკემბერში ლატვიის თავდაცვის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა იანის ჰარისონსმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან იმ ჩარევას, რომელსაც აშშ პირველად შეეჯახა, მისი ქვეყანა უკვე წლებია, უმკლავდება. მისი თქმით, ლატვიის სახელმწიფო კომპიუტერული ქსელი ხშირად ხდება კიბერშეტევების სამიზნე, რაც რუსეთის მხრიდან ლატვიის წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის ნაწილია.
შეგახსენებთ ასევე, რომ რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის სტრატეგია საბჭოთა დაზვერვის პირობებში, 1970-1980 წლებში ჩამოყალიბდა.
ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორი რიგაში იანის სარტსი, რომელიც ასევე, ლატვიის თავდაცვის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მდივანია, რუსეთის კომუნიკაციურ სტრატეგიას იკვლევს და ასკვნის, რომ:
"რუსეთი კოორდინირებული და მიზანმიმართული მოქმედებებით იყენებს მასობრივი ინფორმაციის ტრადიციულ საშუალებებს, სოციალურ მედიას, ასევე, არასამთავრობო სუბიექტებსა და გავლენის აგენტებს აუდიტორიაზე სასურველი ეფექტის მოსახდენად".
ლაშა ბერულავა