
ცოტა ხნის წინ დასრულდა სამაშველო ოპერაცია აჭარაში, სადაც მაშველებმა აიდებულ ჭოროხში მდებარე პატარა კუნძულზე დარჩენილი მონადირეები სამშვიდობოს გამოიყვანეს.
როგორც „აფხაზეთის ხმას“ შემთხვევის ადგილიდან აცნობეს, სამაშველო ოპერაცია აჭარაში, გონიოს მახლობლად ჩატარდა.
სამაშველო სამსახურისთვის ცნობილი გახდა, რომ ექვსი მონადირე, რომელიც ჭოროხთან ახლოს გადაადგილდებოდა, წყალმარჩხ მონაკვეთზე გადავიდა და ნადირობა შუა მდინარეში, პატარა კუნძულზე გააგრძელა, თუმცა, თურქეთის მხრიდან ერთერთ ჰესზე კაშხლის გახსნის გამო მდინარე ადიდდა და ისინი კუნძულზე ჩარჩნენ.
ერთერთი ვერსიით, მამაკაცებს შორის მხოლოდ ერთი იყო მონადირე, ხოლო დანარჩენები – მისი გამყოლები. გამყოლთაგან ერთმა, ვისი კუთვნილი მანქანითაც ყველანი გადაადგილდებოდნენ, მანქანის დატსეტვა გადაწყვიტა და ფონის გამოყენებით კუნძულზე გადავიდა, თუმცა, მდინარის ადიდების შემდეგ მანქანის უკან გამოყვანა შეუძლებელი აღმოჩნდა.
მოგვიანებით მონადირემ, რომელსაც მობილური ტელეფონი თან ჰქონდა, სამაშველო სამსახურთან დაკავშირება მოახერხა. ოპერაციაში შსს–ს აჭარის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა და მონადირეები სამშვიდობოს გამოიყვანეს.
მდინარე ჭოროხი თურქეთსა და საქართველოში მოედინება. სათავეს ოქუს-ბადადაღის მთებში იღებს და 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე. მდინარე, ძირითადად, ლაზისტანისა და ჭოროხის ქედებს შორის და ქალაქ ბათუმის სამხრეთით ერთვის შავ ზღვას.
მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი ბაიბურთი, სპერი (ისპირი), ართვინი, ბორჩხა, აგებულია ჰესებიც (ვიკიპედია).