
"საქართველოს რკინიგზა" ბათუმი-თბილისის მარშრუტზე შექმნილი პრობლემისა და დაგვიანების გამო მგზავრებს ბოდიშს უხდის და მიზეზად „2012 წელს შეძენილ“ ჩინურ ელექტრომატარებლებს ასახელებს.
ამის შესახებ კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც "საქართველოს რკინიგზა" მატარებლის შეფერხების მიზეზებს განმარტავს.
"გუშინდელი და დღევანდელი დაგვიანების მიზეზი უპირველეს ყოვლისა გახლდათ რთული მეტეოროლოგიური პირობები, ძლიერმა ქარმა დაარღვია საკონტაქტო ქსელის გაბარიტი, რასაც მოყვა მატარებლის მოძრაობის შეფერხება, ხოლო გუშინწინდელი ხანგრძლივი დაგვიანება უკავშირდება 2011 წლის 12 მარტს შეძენილ და 2013 წლის პირველ ნახევარში მიღებულ ჩინეთში წარმოებულ ელექტრო მატარებლებს.
აღნიშნულის შეძენისას ტექნიკურ დავალებაში არ იქნა გათვალისწინებული საქართველოში არსებული კლიმატური პირობები, ასევე სექციებს არ აქვს შესაძლებლობა ჩაებას ლოკომოტივს რის გამოც ჭიანურდება პრობლემის აღმოფხვრა. გაუმართავი ტექნიკური დავალების გაცემის თაობაზე ხორციელდება მოკვლევა შესაბამისი უწყებების მხრიდან.
ამჟამად ჩინელი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს აღნიშნული სამგზავრო შემადგენლობების ადაპტირება საქართველოს რკინიგზის მოთხოვნებთან.
სამგზავრო გადაყვანების სერვისი საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტისა და პარტნიორებისთვის წარმოადგენს პრიორიტეტს. სამწუხაროდ აღნიშნულ მეურნეობაში მემკვიდრეობა რთული აღმოჩნდა. საქართველოს რკინიგზამ 2013 წელს მიიღო გადაწყვეტილება გააკეთოს ინვესტირება 10 მილიონი ლარის ოდენობით, რათა ხაშურისა და თბილისის დეპოების ბაზაზე შეიქმნას სამგზავრო მატარებლების რემონტისა და მოდერნიზაციის სიმძლავრეები.
საქართველოს რკინიგზის მენეჯმენტი ამჟამად სწავლობს შესაძლებლობას და აწარმოებს მოლაპარაკეკბებს შვეიცარულ და გერმანელ ელექტრო მატარებლების ლიდერ მწარმოებელ კომპანიებთან, რომ 2015 წელს მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში შეისყიდოს და მომხმარებელს შესთავაზოს მგზავრობა თანამედროვე ორსართულიანი ელექტრო მატარებლით.
საქართველოს რკინიგზა ბოდიშს უხდის მგზავვრებს შექმნილი ვითარების გამო და მზადყოფნას გამოთქვამს მატარებელი N851 მახინჯაური თბილისის პირველი თებერვლის ყველა მგზავრს აუნაზღაუროს სამგზავრო ბილეთის საფასური" - აღნიშნულია კომპანიის განცახდებაში.
"საქართველოს რკინიგზის" ინფორმაციით, ბილეთის დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება მგზავრებს, საქართველოს რკინიგზის საინფორმაციო სამსახურში, ნომერზე - 1331 შეეძლებათ.