
საქართველოს ყოფილი უშიშროების მინისტრი, ვალერი ხაბურძანია აცხადებს, რომ იგი 2016 წლამდე პარტიული ფორმის სახელმწიფო აქტივობას არ აპირებს. „ფორ.ჯი“-სთან საუბრისას პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მას სურს საქართველო რომელიმე დიდ რეგიონალურ გაერთიანებაში იხილოს.
მისივე თქმით, ევროპა ამ თვალსაზრისით კარგია, მაგრამ რეალურად მიუწვდომელია და ევროპას არ შესწევს ძალა საქართველოს პრობლემები გადაწყვიტოს:
„2016 წლამდე არ ვაპირებ პარტიული ფორმის პოლიტიკურ აქტივობას.მე მსურს საქართველო რომელიმე დიდ რეგიონალურ გაერთიანებაში ვიხილო, ევროპა ამ თვალსაზრისით კარგია, მაგრამ რეალობაში მიუწვდენელი და ჩვენი პრობლემების ვერ გადამწყვეტი.
საქართველო, რომელსაც ტერიტორიული პრობლემები, ჩამორჩენილი ეკონომიკური სისტემა გააჩნია, არ უნდა აცდეს ევრაზიულ სივრცესაც, რომელიც ჯერ კიდევ არ არსებობს, თუმცა ტერიტორიული სუვერენიტეტის აღდგენის და თანაბარი ეკონომიური განვითარების შანსს იძლევა.
ერთი ადამიანი მითხრან, რომელმაც ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით დაასაბუთა ევროინტეგრაციის საჭიროება. სამწუხაროდ, ევროპული ინტეგრაცია იქცა სატყუარად. დღევანდელი ევროპა ბევრი მონაცემებით, ღირებულებით და ფასეულობით, ჯობია დღევანდელ რუსეთს, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ჩვენთვის ჯობია კი?
საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს რუსეთზე, ან ევრაზიულ სივრცეზე. იმიტომ, რომ ამ სივრციდან გამოსვლა ცუდ შედეგებს მოგვიტანს. ჩვენ ვერ და არ შევდივართ ევროპულ სივრცეში, რადგან, არავინ ჩვენ იქ არ გვიღებს. საქართველოს ისეთი პირობები აქვს წაყენებული, მისი მიღწევა დამოუკიდებლად შეუძლებელა. ამ კრიტერიუმების მიღწევაში, ევროპა არ გვეხმარება.
ევროპა გვეუბნება, მიაღწიეთ ამ კრიტერიუმებს და ჩვენ მიგიღებთ. ეს კრიტერიუმებია მაღალი სტანდარტები ეკონომიკაში, დემოკრატიაში და ამის შემდეგ მიგიღებთო, მაგრამ ამის შემდეგ გვჭირდება ჩვენ ევროპა?
იმ სივრციდან გასვლა, რასაც რუსული სივრცე ჰქვია, საბოლოოდ გვაკარგინებს სეპარატისტულ რეგიონებს. მე ასე ვფიქრობ და საპირისპირო დამიმტკიცოს ვინმემ. ევროპა კარგია, იქ ცხოვრებაც კარგია, მაგრამ არ გვღებულობენ.
სამწუხაროდ, უნდა გითხრათ, რომ მოცემულ ეტაპზე რუსეთს საქართველოში არავითარი პოლიტიკური ინტერესი არ აქვს. სამწუხაროა, რომ რუსეთს ჩამოყალიბებული და განსაზღვრული არ აქვს საქართველოსთან მისი პოლიტიკა, იმიტომ, რომ მან მაქსიმუმს მიაღწია საქართველოსთან მიმართებაში, როგორც გეოგრაფიული ერთიანობის მიმართ:
საქართველოს ტერიტორიაზე აქვს ორი სამხედრო ბაზა, აიკიდა ორი ჯუჯა სახელმწიფო, რომელიც უნდა არჩინოს. აბსოლუტურად არ აქვს სურვილი, რომ ეს მესამე სახელმწიფო იყოს საქართველო, რომელიც მოსთხოვს ამ ორი სახელმწიფოს თავისთან ინტეგრირებას. დღეს რუსეთისთვის საქართველო არის პრობლემა. პირიქით, ვცდილობ, რომ საქართველომ იქნებ მოახერხოს რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვება და მოვხვდეთ ევრაზიულ სივრცეში“, - განუცხადა ვალერი ხაბურძანიამ For.ge-ს.