
ვანო მერაბიშვილის პროცესზე ბრალდების მოწმედ დაკითხული შალვა ჯანაშვილი აცხადებს, რომ 2011 წლის 26 მაისს მომიტინგეები მაღაზიების გადაწვას აპირებდნენ.
შს მინისტრის ყოფილი მოადგილის თქმით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ დემონსტრანტები „მოლოტოვის კოქტეილებს“ ამზადებდნენ, ხოლო სპეცრაზმელებს აირწინაღი იმიტომ არ ეკეთათ, რომ ცრემლსადენი გაზის გამოყენება არ იყო გათვალისწინებული:
"მახსოვს ვანოს სიტყვები – ეს ჩემი ბრძანებაც არის და თხოვნაც , რომ აქციაზე გაზი არ გამოიყენოთ“, – განაცხადა შალვა ჯანაშვილმა და დაადასტურა, რომ ვანო მერაბიშვილისგან არანაირი უკანონო ბრძანება ან დავალება არ მიუღია.
შალვა ჯანაშვილის თქმით, მინისტრმა მას დაავალა, რაც შეიძლება, მეტი დემონსტრანტი დაეკავებინათ. მისივე თქმით, სრული რკალის შექმნა და იქ მომიტინგეების მომწყვდევა შეცდომა იყო, მაგრამ ეს იმან გამოიწვია, რომ კუდ–ის ცალკეული შენაერთები მას არ დაემორჩილნენ, რის შემდეგაც შს მინისტრს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.