
32 წლის ქართველი წარმოშობის "კანონიერი ქურდი" ირაკლი დანელია, იგივე "იკა მარტვილსკი" რუსმა სამართალდამცველებმა ივანოვოს საბილიარდეში დააკავეს და დიდი რაოდენობით ამფიტამინი აღმოუჩინეს. მასთან ერთად კიდევ 10 ადამიანია დაკავებული.
რუსი სამართალდმაცველების ტრადიციულ შეკითხვას "ხართ თუ არა კანონიერი ქურდი?", "იკა მარტვილსკიმ" ასე უპასუხა: "რაში გჭირდებათ ეს? რა აზრი აქვს თქვენთან ამაზე ლაპარაკს?", ხოლო მანამდე რეგისტრაციასთან და ჩაწერასთან, ასევე, ივანოვოში ჩასვლასთან დაკავშირებულ შეკითხვებს მხოლოდ ზოგადად უპასუხა. მისი თქმით, უკრაინის მოქალაქეა.
"პრაიმკრაიმის" მონაცემების მიხედვით იკა დანელია, რომელიც ამ დრომდე არ მჯდარა ციხეში, გასულ წელს "მონათლეს" და ეს საბერძნეთში, ტიტულოვანი "კანონიერი ქურდის" ბაგრატ ფანცულაიას ხელით მოხდა. 2011 წელს ის რუსეთში დააკავეს და დეპორტირებას უპირებდნენ საქართველოში, მაგრამ ბოლო მომენტში მან გაუგებარი მანქანებით ეს პროცესი თავიდან აირიდა.