-
2016-02-07 11:27
რეზო ბულია - ეს სახელი და გვარი ზუგდიდში იმდენად ცნობილია, რომ ვინ დგას მის უკან, ნებისმიერი ადგილობრივი გეტყვით, ან დააკონკრეტებს მაინც - "ქორეოგრაფი, ხომ?". მოგეხსენებათ, ბულიები ბევრნი არიან, მათ შორის, ცნობილებიც, მაგრამ რეზო ბულია, ნამდვილი მაესტრო, მათგანაც გამორჩეულია, რადგან მან რამდენიმე თაობას ქართული და არამარტო ქართული ცეკვა შეაყვარა.
რეზო ბულია საყოველთაოდ ცნობილ ანსამბლ "ჩელას" დამფუძნებელია. ეს ანსამბლი, წლებია, დგას ქართული ფოლკლორის სამსახურში.
ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის ამაგდარისა და ბრწყინვალების ორდენოსანი - ეს მისი ჯილდოების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, მთავარი ჯილდო კი ის სიყვარულია, რომელიც ხალხისგან სდევდა მუდამ...
იმის მიუხედავად, რომ რეზო ბულია ბოლო დროს მაინცდამაინც მხნედ ვერ იყო, ტრადიციას არ ღალატობდა, ჩვევად გამჯდარი პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა არ ასვენებდა და 83 წლის ჭარმაგი მაესტრო "ჩელას" რეპეტიციებზე დადიოდა, ახალგაზრდა ქორეოგრაფებს მიმართულებას აძლევდა, საჭირო რჩევებით ამარაგებდა.
და იქნებ, სიმბოლურიც კი არის, რომ 83 წლის ამაგდარმა ხელოვანმა სცენასთან ახლოს, მისი გაზრდილი ახალგაზრდების ხელში დალია სული... თუ წასვლა გარდაუვალი იყო, ასეთი წასვლა შვებაც კი არის, იქნებ, მაესტრო... ვინ იცის...
რეზო ბულიას ზუგდიდში სამშაბათს დაკრძალავენ. მას ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენებენ. ალბათ, თეატრშიც დაასვენებენ ცოტა ხნით, როგორც გამორჩეულ ხელოვანთა ხვედრია. მერე ზუგდიდის ცენტრსაც შემოატარებენ და ეს იქნება ერთადერთი და ბოლო შემთხვევა, როცა რეზო ბულია, დიდი მაესტრო, თავისი გამორჩეული, უნებურად ამაყი ნაბიჯებით ვერ შემოივლის ამ ადგილებს...
ლაშა ბერულავა
გამოთხოვება რეზო ბულიასთან
დასრულდა შენი ცეკვები -
ზესწრაფი პირუეტები! -
აღმოჩნდი სულ სხვა სცენაზე,
რომელსაც ქვია ედემი . . .
ეცადე - იქნებ გაიცნო . . .
პირველი დედა - ევა და,
ეცადე , ახლოს გაიცნო . . .
პირველი მამა - ადამი! . . .
. . . არაფერიც არ მომხდარა -
ნუ შედრკები და შეკრთები!
მეც მალე მოვალ, იცოდე ,
და უსათუოდ შეგხვდები . . .
სულ არ სჭირდება ამ საქმეს
სიცოცხლე, სუნთქვა, კუნთები . . .
ჩვენ სცენასა და ჩვენს ეკრანს
კვლავ ბევრჯერ დაუბრუნდები . . . "
ტარიელ ჭანტურია
