ზვიად სიჭინავა: "მე ხალხთა შორის ისეთი ურთიერთობების მჯერა, სადაც ადამიანები ერთმანეთს უფრთხილდებიან და არა კლავენ"

Image

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა ამჟამად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა, აფხაზეთის ხმამ მასთან კონტაქტზე გასვლა მოახერხა.

ჩვენი დაინტერესება ფედერაციის პოსტიდან წასვლამდე ზვიად სიჭინავას მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა გამოიწვია ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, უფრო სწორად, გვაინტერესებდა, რას ფიქრობს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ხალხთა შორის შერიგებაზე მას შემდეგ, რაც ხურჩაში ტრაგედია დატრიალდა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელმა, წინასწარი ინფორმაციით, ტყვარჩელში მცხოვრებმა აფხაზმა მებაჟემ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორია მოკლა.

 

სანამ უშუალოდ მის პოზიციას გაგაცნობდეთ, ალბათ, უპრიანი იქნება, ზვიად საჭინავას პორტრეტის სრულყოფისთვის მისი ბიოგრაფიის რამდენიმე ეპიზოდი გავიხსენოთ:

 

დავიწყოთ იმით, რომ ზვიად სიჭინავას მეუღლე ნახევრად აფხაზია და, ბუნებრივია, უამრავი ნათესავი ჰყავს ენგურსგაღმა. მათთან პირადი კონტაქტი ზვიად სიჭინავასაც აკავშირებს, ამავე დროს, თავად მასაც, ოკუპირებულ აფხაზეთში ბევრი ახლო მეგობარი ჰყავს.

 

დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისა და ზოგი პოლიტიკოსისგან განსხვავებით, ზვიად სიჭინავას არასდროს გასჭირვებია იმის აღიარება, რომ საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია.

 

ზუგდიდელებს კარგად ახსოვთ მისი პოზიცია 2008 წლის ომის დროს დროს: მაშინ მოსკოვში მყოფმა ზვიად სიჭინავამ იქ სამსახურიც მიატოვა, ბიზნესიც და სასწრაფოდ, გზების გახსნისთანავე, საქართველოში ჩამოვიდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ დროს მიმდინარეობდა „ლაზიკას“ ბაზის მშენებლობა, რომელიც მძიმე სიტუაციის მიუხედავად, არ შეჩერებულა.  

 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ყოფნის ბოლო პერიოდში ზვიად სიჭინავას მიმართ ნეგატიურად განწყობილებმა მის საწინააღმდეგოდ აგორებული შავი პიარის მთავარ ელემენტად ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასული სიჭინავას შინაური, პირადი საუბრები დაასახელეს, რომელიც მისმა ნათესავებმა მობილურით გადაიღეს და ინტერნეტში ატვირთეს, თუმცა, ცხადია, ამ შემთხვევაში, არაოფიცალურ საუბრებზე მეტად იმის ცოდნაა საინტერესო, როგორია სიჭინავას მიდგომა ოკუპაციის მიმართ და რითია განპირობებული მისი იმედი, რომ აფხაზები და ქართველები საერთო ენას აუცილებლად გამონახავენ.

 

მაგალითად, 2014 წლის ბოლოს, ახალი წლის დამდეგს, ზვიად სიჭინავამ, რომელიც მაშინ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი იყო, წერილი გამოაქვეყნა, სადაც სპორტსმენებს ახალი წლის დადგომას ულოცავდა, თუმცა, მიმართვა-მილოცვაში პოლიტიკური გზავნილიც იყო ჩადებული:

 

„ვისურვებდით, 2015 წელი გამთლიანებულ ქვეყანაში ერთიანი ჩემპიონატის ჩატარების წელი ყოფილიყოს, სადაც დღეს არსებული კლუბების ფეხბურთელებს მშობლიურ, ამჟამად ოკუპირებულ მხარეებში თამაშის საშუალება მიეცემათ“.

 

2015 წელსვე, როცა საბოლოოდ დადასტურდა, რომ სუპერთასის ფინალის მასპინძელი საქართველოს დედაქალაქი იქნებოდა, ზვიად სიჭინავამ პირადი კონტაქტები გამოიყენა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე შევიდა, რათა დიდი ხნის ოცნება აესრულებინა და 1981 წლის 13 მაისის ევროპის თასების მფლობალთა თასის ფინალის მთავარი გმირის, გამარჯვების გოლის ავტორის ვიტალი დარასელიას საფლავზე თასების თასი ჩაეტანა. მან ეს მართლაც, მოახერხა და თასის ასლი ვიტალი დარასელიას დედას გადასცა.

 

ზვიად სიჭინავა, რომელიც არასდროს მალავდა აფხაზურ ფესვებთან, ზოგადად, აფხაზეთთან თავის სიახლოვეს, ხშირად აცხადებდა, რომ ქართველებმა და აფხაზებმა წარსულის დავიწყება, პატიება უნდა შესძლონ და ერთად ცხოვრებაზე იფიქრონ. 

 

ზვიად სიჭინავას ჩასვლამ ოკუპირებულ აფხაზეთში არაერთგავროვანი რეაქცია გამოიწვია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგადად, დეკლარირებული მიმართულება საქართველოს ამ რეგიონთან მიმართებაში ცალსახად სამშვიდობოა და ამ პროცესში სახალხო დიპლომატიას დიდი როლი ენიჭება, უნდა ითქვას, რომ ვიზიტს არ ჩაუვლია უშედეგოდ: აფხაზურ პრესაში, ინტერნეტფორუმებზე, სიჭინავას ნაბიჯს დადებითი შეფასება მიეცა.

 

მაშინ სიჭინავას შეკითხვაც დაუსვეს - მისი აზრით, დაარღვია თუ არა "კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ". ზვიად სიჭინავას თქმით, აფხაზეთი ოკუპირებულია უკვე 23 წელია და ამ ხნის განმავლობაში არავის არაფერი გაუკეთებია ორ ხალხს შორის ხიდის გასადებად: 

 

"მე აფხაზეთთან ოჯახური ურთიერთობები მაკავშირებს - ჩემი ცოლი ნახევრად აფხაზია, ჩემი შვილის ძარღვებში აფხაზური სისხლიც სჩქეფს და როცა დილით ვიღვიძებ, აფხაზეთს ვხედავ. მე ვიტალის დედას გადავეცი ორი თასი (ასლები, რომლებიც ზვიად სიჭინავამ პირადად, სპეცშეკვეთით დაამზადებინა ევროპაში, - რედ.), რომელიც "დინამომ" მოიპოვა და იმ მთავარი, თასების მფლობელთა თასის ჩატანასაც დავპირდი, და მე ამას აუცილებლად შევასრულებ...", - თქვა მაშინ ზვიად სიჭინავამ.

 

რას ფიქრობს ზვიად სიჭინავა ახლა, როცა ხურჩაში სამწუხარო ინციდენტი მოხდა - სწორედ ამ შეკითხვით მიმართა მას „აფხაზეთის ხმამ“:

 

„პირველ რიგში, მინდა სამძიმარი გამოვთქვა და თანაგრძნობა გამოვუცხადო სასტიკად მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს. რაც მოხდა, უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც  სახელმწიფოს მხრიდან რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს და მკვლელი კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს.

 

მე არაერთხელ გამომითქვამს ჩემი მოსაზრება ქართველებისა და აფხაზების შერიგების შესახებ. ახლაც ამ აზრზე ვრჩები, რომ შერიგება აუცილებელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ ტრაგიკულ და მიუღებელ ფაქტებს უნდა წავუყრუოთ. უნდა ვთქვა, რომ მე მაქვს კონტაქტი ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფ ჩემს ნაცნობებთან, მეგობრებთან.

 

ვისაც საშუალება აქვს, გადახედოს აფხაზურ ინტერნეტს, ფორუმებს, ყველგან ძალიან მკაცრად და გარკვევით გამოხატავენ თავიანთ დამოკიდებულებას, რომ რაც მოხდა, მიუღებელია. წერენ, რომ ხურჩაში მოკლული ადამიანი არც დივერსანტი იყო, არც ტერორისტი, ამიტომ ასეთი სისასტიკე მის მიმართ მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას.

 

ისიც უნდა ითქვას, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის იდენტიფიცირების მიზნით თვითონ აფხაზეთში მცხოვრებმა ინტერნეტმომხმარებლებმაც იაქტიურეს და დღეს რომ ყველამ ვიცით მისი ვინაობა, მათი დამსახურებაცაა.

 

რა თქმა უნდა, მკვლელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ მე არ ვარ მომხრე, ერთი ან თუნდაც რამდენიმე ზნეობადაკარგული ადამიანის საქციელი ყველა აფხაზზე განვავრცოთ და მათ მიმართ სიძულვილი ვთესოთ.

 

მოგეხსენებათ, უზნეო და მანიაკი ადამიანები არც ჩვენ გვაკლია, უამრავი სასტიკი მკვლელობა შეგვიძლია გავიხსენოთ, მათ შორის, ყველაზე საშინელიც - შვილმა დედა მოკლა, დაანაკუწა, მერე კი წაიღო ბოსელში და დაწვა... დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს მოუნდებოდა ეთქვა, რომ აი, ქართველები ასეთი მანიაკები არიანო, ყველანი, დიდიც და პატარაც დავესეოდით ამ მოსაზრების ავტორს, შავ დღეს დავაყრიდით და მართალიც ვიქნებოდით...

 

მე ხალხთა შორის ისეთი ურთიერთობების მჯერა, სადაც ადამიანები ერთმანეთს უფრთხილდებიან და არა კლავენ... ასეთი მაგალითი უამრავია. აღდგომის შემდგომ დღეებში ინტერნეტით ერთერთ ქართულ რადიოს ვუსმენდი და მსმენელის ზარი იყო, აფხაზეთიდან დევნილი რეკავდა. როცა წამყვანმა ჰკითხა, ვის მოიკითხავ და მიულოცავ დღესასწაულსო, ამ ქალბატონმა განაცხადა, ჩემს აფხაზ მეზობლებს მოვიკითხავ სოხუმში, აღდგომის მეორე დღეს დამირეკეს, მომიკითხეს და მითხრეს, რომ დედაშენის საფლავი მოვლილია, არ ინერვიულოო, წითელი კვერცხებიც მივიტანეთ, ჭიქა ღვინოც წავუქციეთ და დავასუფთავეთ კიდეცო...

 

აი, ასეთი ურთიერთობების მწამს და მჯერა, რომ ასეთ დამოკიდებულებას აქვს მომავალი და არა ისეთ მანიაკალურს, რაც ხურჩაში მოხდა...“ - ამბობს ჩვენთან საუბარში ზვიად სიჭინავა.

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !