
საქართველოს პრეზიდენტმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. განცხადება ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა გააკეთა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია რომელმაც ეს ტიტული მიიღო.
"პატარა გოგო, რომელიც წინა საუკუნის 20-იან წლებში აქ დაიღუპა. მარო მაყაშვილი, რომელიც აქ დაიღუპა 19 წლის ახალგაზრდა იუნკერებთან, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის გახდება პირველი ქალბატონი, რომელსაც მიენიჭება ეროვნული გმირის წოდება,“-აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.
19 წლის სტუდენტი გოგონა, მარო მაყაშვილი 1921 წელს საბჭოთა რუსეთის ჯარების შემოჭრისას თბილისის მისადგომებთან დაიღუპა.
ფრაგმენტებს გმირი გოგონას დღიურიდან:
"ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერება ფულშია. მეც ეგრე მგონია, მაგრამ ამ ფულის დახარჯვა თავისზედ კი არა. ამ ფულით სხვას შეიძლება მოუტანო ბედნიერება და მაშინ თვითონაც იქნები ბედნიერი."
"ღმერთო, რად დამბადე ქალათ. ქალი უძლური რაღაცა საგანია, კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია. მაგრამ მაინც მინდოდა, ვყოფილიყავი მძლავრ და ჭკვიან კაცად. კაცს უფრო ეხერხება ყველაფერი, ვიდრე ქალს. ქალს ჰპატრონობს კაცი, კაცს ღმერთი. კაცი მაღალი სულით სულ სხვა არის ამგვარ ქალზედ. მაგრამ უმეტეს ნაწილში ქალი უფრო მაღლა სდგას კაცზედ, მაგრამ ეს არა სჩანს - ის მდგომარეობის მონაა."
"უსათუოდ საფრანგეთში უნდა წავიდე და იქ შევისწავლო სამეურნეო საქმე. ჩემი ფიქრი აი, ეგ არის. მე თვითონ მინდა ვიმუშაო ჩემ მიწა-წყალზედ... ძალიან და ძალიან პარიზში მინდა და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?"
"ეს დღე ისტორიულია ქართულ ცხოვრებაში. ამ დღეს შესრულდა ნახევარი წელიწადი, რაც საქართველოს თავისუფლება აღიარეს. მთელმა ქართველობამ თბილისისა თავი შეიყარა სასახლის წინ. აქ მოხდა „პარადი“. ყოველი ქართველი გრძნობდა თავს თავისუფლად. აღტაცების ღიმილი უკრთოდა ყოველს და თითქოს ეს ეწერათ - „ოჰ, ძლივს გვეღირსა, გვეღირსა! გვეღირსა!." არა, ნუ ვჩქარობთ, მტერი გარშემო გვყავს და გვითვალთვალებს."
"დღე თითქოს თანაუგრძნობდა ზეიმს. დილიდან საღამომდის მზე უხვად ასაჩუქრებდა დედამიწას თავისი სხივმოსილი ისრებით. ქართველი ერი ბედნიერი იყო და ღმერთიც. მზის გარშემო რამდენიმე საათის განმავლობაში ცისარტყელა იყო."