-
2014-01-29 10:33
ყოფილი შს და თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია სამხედრო-საავიაციო ქარხნის აეროდრომზე გამართულ ინტეგრირებული ქსელების მანქანის პრეზენტაციას გამოეხმაურა.
განცხადება ბაჩო ახალაიამ სოციალური ქსელის მეშვეობით გაავრცელა:
“დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ გავხდით ქართული ოცნების თვალთმაქცობისა და ტყუილის მოწმენი. თავდაცვის მინისტრი ალასანიას ხელმძღვანელობით ხელისუფლების წარმომადგენლები უტიფრად იწონებდნენ თავს ქვეითთა საბრძოლო მანქანა "დიდგორით".
არადა, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ქართულ სამხედრო მრეწველობას სათავე დაედო 2010 წელს, მათ შორის ისეთი შეიარაღების წარმოებას, როგორიცაა დიდგორი, ლაზიკა, უპილოტო საფრენი აპარატი, ყუმბარმტყორცნი, ავტომატური შაშხანა, სარაკეტო დანადგარი და ა.შ. სწორედ ამ პერიოდიდან სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა „დელტამ“ დაიწყო მუშაობა ახალ სამხედრო ტექნოლოგიებზე.
სამწუხაროდ, 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ეს პროცესი შეჩერდა. ეს არც იყო გასაკვირი, ვინაიდან არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ სამხედრო წარმოება იყო „ქართული ოცნების“ და თავად მინისტრ ალასანიას თავდასხმის ობიექტი. ამ ეტაპზე „დელტას“ ბედი გაურკვეველია, 31-ე ქარხანა გადაცემულია ეკონომიკის სამინისტროსთვის და დიდი ალბათობით გაიყიდება.
როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებას არ აქვს რესურსი შექმნას ახალი, ამ ხელისუფლებას არ აქვს იდეა და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, ჩვენ მიერ შექმნილი წარმოებით, კურორტებით, ბიზნეს იდეებით, ენერგეტიკული პროექტებით თავმოწონებაა. როგორც გამოიკვეთა, ეს არის უნიათო ხელისუფლება. მათ არ აქვთ იმის თავი, რომ ეფექტურად გააგრძელონ ჩვენი წარმატებული გეგმების რეალიზაცია, და ეს თავმოწონებაც მხოლოდ საკუთარი თავის PR-ის ნაწილია და რეალური საქმის კეთებასთან არანაირი კავშირი არ აქვს. როგორც ყველაფერი ყალბი, ხელოვნური და ზედაპირული, დროებითია, ასევე წარმავალია ამ ადამიანების პოლიტიკური თამაში და სავარაუდოდ უფრო ადრე, ვიდრე მათ ჰგონიათ.
P.S. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო რეზო ჭარბაძეს, ზვიად ციკოლიას და ყველა იმ ადამიანს ვინც მუხლჩაუხრელად მუშაობდა იმაზე, რომ პირველად საქართველოში დაწყებულიყო სამხედრო წარმოება და შეექმნათ ისეთი თანამედროვე შეიარაღება როგორიცაა დიდგორი, ლაზიკა და სხვა,”- ნათქვამია ბაჩო ახალაიას განცხადებაში.