„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ხელისუფლების მიერ დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვის დატოვება არის დანაშაულებრივი ქმედება. კახიძე ე.წ კომენდატის საათს, ავტომობილებით სამზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვასა და ასევე, ტანსაცმელ-ფეხსაცმლის მაღაზიებზე შეზღუდვას გაუაზრებელს უწოდებს. კახიძის თქმით, ხელისუფლება არ ხსნის, თუ რატომ რჩება აღნიშნული შეზღუდვები ძალაში.
მთავრობის ადმინისტრაცია განმარტავს, რომ 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.
„ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებს და არ შეცვლის საარჩევნო სისტემას, ამას დასავლელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება და შესაბამისი ნაბიჯები იქნება გადაგდმული. ვაშაძის თქმით, „ქართულ ოცნებას" არავინ არ მისცემს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ მოიტყუოს.
კახეთის საოლქო პროკურატურაში 5 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების საქმეზე დაზარალებული არასრულწლოვანის მშობლები მიიწვიეს და პროკურატურის პოზიცია, გურჯაანის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებასთან დაკავშირებით, პირადად გააცნეს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, სილამაზის სალონებში, რომელიც 18 მაისიდან გაიხსნება, იქნება ელექტრონული რიგი, სოციალური დისტანცია და ნაკლები ადამიანი. ამის შესახებ თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვი, რომელიც ოჯახს ჩამოართვეს, ამჟამად იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მის გაშვილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სოციალური მუშაკების შეფასებით, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2033 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2033 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2037 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 შეადგინა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, საული ნიინისტეს ესაუბრა.
„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, შალვა შავგულიძის განცხადებით, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმება საარჩევნო სისტების შეცვლას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწნებდა, რისი გაგებაც „ქართულ ოცნებას“ არ სურს. შავგულიძის თქმით, შეთანხმების პირობები დაცული უნდა იყოს და არ შეიძლება ხელისუფლებას მიეცეს საშუალება, დღეს ერთი თქვას და ხვალ - მეორე.
არც იფიქროს ხელისუფლებამ, რომ მას ძველი საარჩევნო სისტემით ამ არჩევნების ჩატარება გაუვა, - ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.