
"მგზავრებმა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, კორონავირუსის გავრცელების რისკების შესამცირებლად, რამდენიმე დეტალს უნდა მიაქციონ ყურადღება." - აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი.
მისი თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია მოქალაქეებმა აკონტროლონ თანამგზავრის პირბადის მოხმარება, ვენტილაცია და მგზავრობის ხანგრძლივობა.
"ტრანსპორტით მგზავრობისას, მიაქციეთ ყურადღება რამდენი ხანი მგზავრობთ, მოსთხოვეთ სხვა თანამგზავრებს, რომ სწორად გამოიყენონ ნიღაბი და ეკეთოთ იგი. ეცადეთ, რომ ტრანსპორტში ფანჯრები იყოს, შეძლებისდაგვარად, ჩაწეული და პირდაპირი ვენტილაციის საშუალება არსებობდეს და მეტი სიფრთხილისთვის ბევრი ლაპარაკისგან ტრანსპორტში მგზავრობისას თავი შეიკავეთ." - ამბობს ხათუნა ზახაშვილი.
13 ოქტომბერს საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 473 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან კი, დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 73 154-ს.