-
2014-01-24 02:56
პრეზიდენტ იანუკოვიჩთან შეხვედრიდან დაბრუნებული ევრომაიდნის ლიდერების გამოსვლას მოლაპარაკების გაგრძელების აუცილებლობის შესახებ, ევრომაიდნის ნაწილი სტვენით შეხვდა.
კლიჩკოს შემდეგ ტრიბუნის მიკროფონთან მისული ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერის ტიაგნიბოკის გამოსვლას, როცა ის იმ მოთხოვნების შესახებ საუბრობდა, რაც პრეზიდენტ იანუკოვიჩს წაუყენეს (დაკავებულთა გათავისუფლება, საარჩევნო კომისიის ფორმირებაში ოპოზიციის მონაწილეობა და სხვა), შეკრებილები სტვენით შეხვდნენ, რაზეც მან განაცხადა, რომ თვითონაც იცის სტვენა და რამდენჯერმე დაუსტვინა.
„მაცალეთ, ბოლომდე მომისმინეთ!...“ – ითხოვა ტიაგნიბოკმა, რის შემდეგაც ხელის აწევით კენჭისყრა ჩაატარა იმის შესახებ, თუ ვინ უჭერდა მხარს ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გაგრძელებას და ვინ იყო მომხრე, მოლაპარაკებები დაეტოვებინათ.
კენჭისყრის შემდეგ ლიდერმა ჩათვალა, რომ მოლაპარაკების გაგრძელების მომხრე უფრო მეტი იყო, ვიდრე მისი მოწინააღმდეგე. ტიაგნიბოკმა განაცხადა, რომ აუცილებელია დისციპლინა და ასევე აღნიშნა, რომ საბოლოო გამარჯვებამდე ევრომაიდანი კიდევ უფრო უნდა გაფართოვდეს.