
სიღნაღის რაიონში მკვლელობა მოხდა. ეჭვმიტანილი, რომელმაც ახალგაზრდა მოკლა და ცხედარი მდინარე ალაზანში გადააგდო, დაკავებულია.
ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში შსს-ს ყოფილმა თანამშრომელმა გაავრცელა. მისი ინფორმაციის მიხედვით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამნისტიით ციხიდან გათავისუფლებული პირია, მდინარეში გადაგდებულ მსხვერპლის ცხედარს კი ამ დრომდე ეძებენ.
„აფხაზეთის ხმა“ კომენტარისთვის შსს-ს პრესსამსახურს დაუკავშირდა. შსს ადასტურებს, რომ სიღნაღში ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე მოხდა მკვლელობა - მოკლულია 30 წლის მამაკაცი.
მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ცხედარი მდინარე ალაზანში, სავარაუდოდ, კვალის წაშლის მიზნით გადააგდო. შსს-ს ცნობით, დაკავებულია კიდევ ერთი პირი, რომელსაც ბრალი დანაშაულის დაფარვაში ედება. "აფხაზეთის ხმის" კითხვაზე, არის თუ არა მკვლელობაში ეჭვმიტანილი ამნისტირებული პირი, შსს-ს პრესსამსახურმა ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ უპასუხა, რომ ეჭვმიტანილი არა ამნისტირებული, არამედ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეწყალებული პირია.
სიღნაღში, ამნისტირებული პირის მიერ ჩადენილი, ეს უკვე მეორე მკვლელობაა. პირველი 28 მაისს, სოფელ რისეში მოხდა, როცა ამნისტირებულმა პირმა 40 წლის მამაკაცი დანის რამდენჯერმე ჩარტყმით მოკლა.