
ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ქართულ-აფხაზურ შეხვედრაში, სადაც აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეული, საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მონაწილეობდა.
შეხვედრაში ქართული და აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. თემები მოიცავდა განათლების უფლებას და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გადაადგილების თავისუფლებას და მასთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის უფლებას, ქალთა და ბავშვთა უფლებებს და ასევე, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას.
სახალხო დამცველის ძალისხმევითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით შექმნილი დიალოგის ეს ფორმატი 2014 წლიდან მიმდინარეობს და შეხვედრები რეგულარულად ტარდება.