
კიევის პატრიარქი ფილარეტი განცხადებას ავრცელებს და პირველ რიგში პრეზიდენტს, როგორც ქვეყნის მეთაურს, და ოპოზიციის ლიდერებს დიალოგისკენ მოუწოდებს.
უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პატრიარქი მიიჩნევს, რომ კიევში დაწყებული დაპირისპირებიდან სამოქალაქო ომამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯია:
„პროტესტის დაწყებიდანვე კიევის საპატრიარქო, ასევე სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები, ხაზს უსვამდნენ სამ საკითხს: სახელისუფლო ძალებსა და აქციების მონაწილეებს ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა შენარჩუნებინათ მოვლენათა არაძალადობრივი გზით განვითარების პერსპექტივა; ყველანაირი დაპირისპირება გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის ლიდერების მოლაპარაკებათა საფუძველზე და ხელისუფლებას ყველაფერი უნდა ეღონა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გასაფორმებლად, რადგან სწორედ ამ პროცესის უეცარმა და მოულოდნელმა შეჩერებამ გამოიწვია პროტესტის ტალღა“, - აღნიშნულია პატრიარქ ფილარეტის განცხადებაში.
პატრიარქი მიიჩნევს, რომ მიმდინარე კრიზისი ყველაზე ღრმა და მძიმეა უკრაინის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების, ანუ, 1991 წლის შემდეგ და სამი თვის განმავლობაში ეს კრიზისი არათუ განიმუხტა, არამედ კიდევ უფრო გამწვავდა:
„მე მივმართავ მათ, ვინც დღეს კონფლიქტის ნებისმიერ მხარეს დგას, როგორც საპროტესტო აქციის მონაწილეებს, ასევე ხელისუფლების შეიარაღებულ წარმომადგენლებსაც, ასევე მათ, ვინც გავლენას ახდენს მათზე ბრძანებებითა და მოწოდებებით: ყოველი თქვენგანი უფლის წინაშე აგებს პასუხს თავისი სიტყვებისა და ქმედებისთვის, დაღვრილი სისხლისთვის. ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა და მისგან ვერავინ გათავისუფლდება“, - აღნიშნავს პატრიარქი ფილარეტი და მორწმუნეებს მოუწოდებს, უკრაინისთვის ილოცონ.
განცხადების ბოლოს პატრიარქი ფილარეტი აცხადებს, რომ მძიმე დღეების გადალახვის იმედი აქვს:
„იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენ ერთად, ღვთის შეწევნით გადავლახავთ ამ მძიმე დღეებს და, შევინარჩუნებთ ეკლესიურ, დამოუკიდებელსა და განუყოფელ უკრაინას“, - აღნიშნულია განცხადებაში.