-
2014-01-19 23:50
კიევში მინიმუმ ორი ადამიანი, რომელთაგან ერთ „წითელი ჯვრის საზოგადოების“ წარმომადგენელია, მეორე კი მომიტინგე, ტრავმატული იარაღითაა დაჭრილი.
ამის შესახებ უკრაინული მედია იტყობინება. მედიის ცნობით, ამ დრომდე გრძელდება შეტაკება „ბერკუტსა“ და მომიტინგეებს შორის გრუშევსკის ქუჩაზე, ვალერი ლობანოვსკის სახელობის „დინამოს“ სტადიონთან, სადაც დაპირისპირება კიევის დროით დაახლოებით 15:00 საათზე დაიწყო, მას შემდეგ, რაც დემონსტრანტთა ნაწილმა უკრაინის უმაღლესი რადისა და მინისტრთა კაბინეტის შენობებისკენ გზის გაკვლევა სცადა.
მანამდე ევრომაიდნელთა ნაწილმა უკმაყოფილება გამოხატა საერთოუკრაინული ვეჩეს დადგენილების გამო, რომელიც უკრაინის ოპოზიციის ლიდერებმა მოამზადეს – მათი უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ დადგენილებაში არ იყო გათვალისწინებული კონკრეტული ქმედებები ხელისუფლების წინააღმდეგ.
ამის შემდეგ დემონსტრანტთა ნაწილმა გადაწყვიტა, აღარ დაქვემდებარებოდა ოპოზიციის ლიდერთა მითითებებს და ინიციატივა თავად აეღო ხელში. სწორედ ამ ნაწილის გადაწყვეტილებას, სამთავრობო შენობების შტურმის შესახებ, მოჰყვა შეტაკება ძალოვნებთან, რომელიც ამ დრომდე გრძელდება და რომელშიც საწყის ეტაპთან შედარებით, ამჟამად უფრო მეტი დემონსტრანტია ჩაბმული.
ძალოვნები იყენებენ ხმოვან–მანათობელ ყუმბარებსა და ცრემლსადენ გაზს, მომიტინგეები კი ხელკეტებითა და ფარებით არიან შეიარაღებული და „მოლოტოვის კოქტეილებს“ იყენებენ.
ამავდროულად, შსს პერიოდულად ავრცელებს ცნობებს დაზიანებული მილიციელების შესახებ. ბოლო მონაცემებით, შეტაკების შემდეგ ჰოსპიტალიზებული სამაღთალდამცველების რიცხვი 30 აღწევს. მათ უმრავლესობას თავის ქალის ტრამვა, მოტეხილობა და უცნობი ნივთიერებით მოწამვლის ნიშნები აღენიშნება.
დაპირისპირების დაწყებისთანავე გრუშევსკიზე მივიდნენ ოპოზიციის ლიდერები და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდეს, თუმცა, უშედეგოდ. მომიტინგეების ნაწილმა მილიციელებთან დაპირისპირება არც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც მათ სიმშვიდისკენ ვიტალი კლიჩკომ მოუწოდა.
ამავე დროს, ევრომაიდანზე მოხალისეები ინტენსიურად ამაგრებენ ბარიკადებს. სცენის მიმდებარედ ამ დროისთვის რამდენიმე ათასი ადამიანია თავმოყრილი. როგორც უკრაინელი ჟურნალისტები იუწყებიან, ეკრანიდან მიმდინარეობს დოკუმენტური ფილმის ტრანსლაცია, რომელიც დონეცკის მაფიის შესახებაა, თუმცა, ფილმის ხმას მომიტინგეთა ხმები ახშობს.
უცხო ქვეყნებიდან კიევში მიმდინარე მოვლენებს პირველი ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. საგრეო უწყებამ დაგმო მომიტინგეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების ფაქტი.
უკრაინული მედიის უახლესი ინფორმაციის მიხედვით მოამზადა ლაშა ბერულავამ.
ფოტოები – უკრაინული ინტერნეტგამოცემებიდან.



