
საპარლამენტო უმცირესობის წევრი, გიორგი ბარამიძე დღეს, პლენარულ სხდომაზე მომხდარ ინციდენტს პასუხობს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინციდენტი წინასწარ დადგმული სცენარით განვითარდა:
"ნათელია, რომ ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია. ჩემი ჟესტიკულაცია იყო აბსოლუტურად ადეკვატური. ადამიანი როდესაც ცდილობს, საკუთარი თავი სვანეთთან გააიგივოს, ან მითუმეტეს იმ კრიმინალ აფრასიძეების გაიგივება სვანეთთან, რომლის დროს ყველას კარგად ახსოვს, რა მდგომარეობა იყო სვანეთში და როგორი დატერორებული იყო ხალხი, სრული უზნეობა და აბსოლუტური შეშლილობაა.
რაც ჯაჭვლიანმა მოყვა და, რომელიც ამ თემასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა, აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. ამიტომ უნდა დასრულდეს ეს ინსინუაციები და ამგვარი ცილისმწამებლური განცხადებები. როცა მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვყოფილიყავი შს მინისტრი და მებრძოლა კრიმინალების, ქურდული სამყაროს წინააღმდეგ, კარგად ვიცოდი, რომ ეს დიდ ხიფათს შეიცავდა. მე უკან არასოდეს დამიხევია და არც მათ ამგვარ ხულიგნურ გამოხდომებზე, თუ მუქარებზე, რომლებიც უკვე კარგა ხანია გრძელდება, არ ვაპირებ უკან დავიხიო და ჩემი პოზიციიდან გადავუხვიო. ჩემი ბრძოლა გრძელდება",- განაცხადა ბარამიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი პარლამენტში დეპუტატებს შორის. სოსო ჯაჭვლიანმა გიორგი ბარამიძე შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენია, რამაც ინციდენტი გამოიწვია.