ბავშვთა ქირურგი, ლევან ხარაშვილი საკუთარ ფეისბუქგვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ის ღიად გამოთქვამს ვარაუდს, რომ აღდგომის შემდეგ, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდაა შესაძლებელი.
"აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშრუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება...", — წერს ლევან ხარაშვილი.
შეგახსენებთ, 12 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სააღდგომო ღვთისმსახურება 19 აპრილს, კომენდანტის საათის დროს ჩატარდება, თუმცა როგორ შეიკრიბება მრევლი ეკლესიაში, საპატრიარქოს ჯერ არ განუმარტავს.