-
2013-12-10 07:54
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი უკრაინის ხელისუფლებას მოუწოდებს, არ დაუშვას მოლაპარაკების პროცესის ჩაშლა.
– ამის შესახებ ეშტონის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან დღეს გაავრცელა.
„კიევში ჩემი ვიზიტის წინ მე შეშფოთებით ვადევნებ თვალს ახალ ამბებს იმის შესახებ, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა ძალადობრივად შეაღწიეს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ბატკივშინას“ ოფისში. ეს მოხდა იმ დღეს, როცა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა თანხმობა განაცხადა მრგვალ მაგიდაში მონაწილეობაზე ოპოზიციური პარტიებისა და უკრაინის სამ ექსპრეზიდენტთან ერთად“, – აცხადებს კეტრინ ეშტონი.
მისი თქმით, ბოლო მოვლენები მოლაპარაკებათა ჩაშლის საფრთხეს მოიცავს, ეშტონი მოუწოდებნს უკრაინის ხელისუფლებას, გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება და არ გამოიყენოს ძალა, რათა „არსებობდეს საშუალება, მოლაპარაკების გზით იყოს მონახული გამოსავალი არსებული პოლიტიკური ჩიხიდან“.
შეგახსენებთ, რომ დღეს კეტრინ ეშტონი კიევში საგანგებო ვიზიტით ჩადის და ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ასევე სამოქალაქო სექტორს შეხვდება.
ორშაბათს, ღამის საათებში ავტომატებით შეიარაღებული ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები „ბატკივშინას“ ოფისში შევიდნენ. „მათ დაარბიეს სერვერების ოთახი და თან წაიღეს ტექნიკა“, – განაცხადა ფრაქციის ლიდერმა არსენ იაცენუკმა. შსს–მ მოგვიანებით უარყო დარბევის ფაქტი და განაცხადა, რომ „ბატკივშინას“ ოფისში მხოლოდ ჩხრეკა ჩატარდა.