
ლარის კურსის ცვალებადობამ დოლარის მიმართ ფასებზეც მოახდინა გავლენა. ყოველდღიური მოთხოვნის პროდუქტი გაძვირდა. საფასო ცვლილება იმპორტულთან ერთად, ადგილობრივ ნაწარმსაც შეეხო. - წერს გაზეთი „რეზონანსი“.
არ არის გამორიცხული, ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდეს, რაც ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება. ფასების ზრდამ მოსახლეობა შეაშფოთა. ხალხი შიშობს, რომ უკვე გაძვირებული პროდუქტი სამომავლოდ ლარის კურსის გამყარების შემთხვევაშიც, შეიძლება არ გაიაფდეს.
დაახლოებით 40-50 თეთრით გაძვირდა კარტოფილი, 4-5 თეთრით მოიმატა ქარხნული კვერცხის ფასმა, ხოლო სოფლის კვერცხი 50 თეთრამდე გაძვირდა.
30-40 თეთრის ფარგლებში მოიმატა შაქრის ფასმა, 80 თეთრით გაძვირდა ზეთი. სამომხმარებლო ბაზარზე ხილი 1 ლარზე ნაკლები არ ღირს, ლობიოს ფასი თითქმის 5 ლარამდეა, ხოლო 1 კგ. ყველის ფასი 8-9 ლარს შეადგენს.
სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტების შეფასებით, ფასებზე გარკვეული გავლენა ლარის კურსის ცვლილებამ მოახდინა. ამასთნ , იმპორტულუ ნაწარმის შემთხვევაში, საერთაშორისო ფასების გავლენაც შეიმჩნევა. რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების პროდუქტს, გაძვირება სეზონმაც განაპირობა.