-
2014-07-04 09:35
მწერალი დათო ტურაშვილი ჟურნალ "კონტაქტში" აქვეყნებს ჩანაწერს "არადა, როგორ მინდოდა ევროკავშირში". "აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ფრაგმენტს ჩანაწერიდან, სადაც ქართული რეალობის სახით მწერალი დედებისა და ვაჟიშვილების დამოკიდებულებას აღწერს.
"ის გოგო (რომელსაც პირადად ვიცნობ) როცა გათხოვდა, ზამთარი იყო და ლოგინში (პირველ ღამეს), ქმრის გარდა, მას დედამთილიც დახვდა. დედამთილმა, სწორედ ხსენებული სეზონი მოიმიზეზა და ახალშეუღლებულებს დაპირდა, რომ როგორც კი ლოგინს გაგითბობთ, მაშინვე წავალო, მაგრამ მათთან, მაინც დილამდე დარჩა.
სინამდვილეში, მხოლოდ დაპირდა, თორემ წასვლა არც კი უფიქრია, რადგან დედამთილის ღრმა რწმენით, სწორედ ახლა, სწორედ ამ ღამეს სჭირდებოდა მის ვაჟიშვილს მშობელი დედა, რადგან მანამდე მის შვილს, დამოუკიდებლად და დედის გარეშე, არც არაფერი ჰქონდა გაკეთებული.
რასაკვირველია მან, იმ ღამესაც ვერაფერი გააკეთა, მაგრამ თუ რამეს დააპირებდა, დედამისი ნებისმიერი რჩევისათვის მზად იყო და თუ საჭირო გახდებოდა, პირადად დაეხმარებოდა კიდეც ერთადერთ ვაჟიშვილს.
ერთადერთი კი, რაც მე მამშვიდებდა (ამ ამბავთან დაკავშირებით), მხოლოდ ის იყო, რომ თვითონ ამბავი, დიდი ხნის წინ, ბნელ და ცივ ოთხმოცდაათიანებში მოხდა.
ამიტომაც ვიყავი წყნარად და ასე დამშვიდებულს მინდოდა ევროკავშირთან ასოცირების მოახლოებულ ხელშეკრულებასთან შეგებება, მაგრამ იმ გადაცემამ მომსპო და იმ კაცმა კი გამანადგურა.
არადა როგორ მინდოდა ევროკავშირში შესვლა...
პოსტსკრიპტუმი, რედ. - რას გულისხმობს დათო ტურაშვილი, მას უფრო ადრე აქვს აღწერილი:-რედ. -
"ის გადაცემა მაჩვენეს, რომელმაც საბოლოოდ გამანადგურა - იმ გადაცემის ერთ-ერთი მონაწილე, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დედასთან ერთად მივიდა. ქართველი დედის ზემზრუნველობის შესახებ, რასაკვირველია მანამდეც ვიცოდი (დედაჩემიც ქართველი დედაა), მაგრამ მანამდე, მართლა არასოდეს მინახავს და არც გამიგია, რომ 61 წლის კაცს (თუნდაც ქართველს), კონცერტებზე დედაც დაჰყვებოდეს).