-
2013-12-11 15:39
"ყველას გეტყვით, მაინცდამაინც მოსაწონი არ არის ქმედება უმრავლესობის მხრიდან, რომ უმცირესობას აძლევ საბაბს, ბიუჯეტის განხილვის დროს დატოვოს დარბაზი.
არ არის მაინცდამაინც პოლიტიკურად ჭკვიანური ქმედება უმრავლესობის მხრიდან,“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც კიდევ უფრო დეტალურად გაერკვევა მომხდარში, თავის პოზიციასაც გამოხატავს.
"რაც მოხდა, ჩემგან შეფასებაც იქნება და რეაგირებაც, მაგრამ, იქნება რეაგირება სრული, სამართლიანი და ობიექტური.
რაც შეეხება დღეს დაგეგმილ საკითხებს, ჩვენ ყველა საკითხს ვიხილავთ, ყველას აქვს საშუალება მიიღოს მონაწილეობა განხილვაში. დარწმუნებული ვარ, განცხადებასაც მივიღებთ უკრაინასთან დაკავშირებით.
ახლა კი მივმართავ უმრავლესობას, რომლის პასუხისმგებლობაცაა ქვეყანაში გადაწყვეტილებების, კანონების, მათ შორის ბიუჯეტის მიღება, დღეს არ არის ჩვეულებრივი და ორდინალური პარლამენტის სხდომა.
დღეს არის პარლამენტის სხდომა, რომელზეც ხდება უმთავრესი საკითხის განხილვა, რომლისთვისაც არსებობენ პარლამენტები და საერთოდ მოგონილია სახელმწიფო ცხოვრება - ბიუჯეტი გვაქვს განსახილველი, ჩამოსულია ფინანსთა მინისტრი.
ყველას შეგახსნეებთ, ჩვენი ამოცანა არ არის "ნაციონალურ მოძრაობასთან" გამკლავება და მათთან სიტყვა-პასუხში შეჯიბრება. ჩვენი ამოცანაა- ქვეყნის მართვა და წინ წაყვანა. ამისთვის საჭიროა იმ საქმის კეთება, რაც პარლამენტშია გასაკეთებელი - გადაწყვეტილებების მიღება, კანონების მიღება, ბიუჯეტის მიღება და ა.შ. ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას. არ არის ჩვეულებრივი რიტმი, მაგრამ უნდა შევძლოთ მუშაობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.