როგორ შეიქმნა "Журавли" და როგორ გახდა მისი ავტორი რასულ გამზათოვი - გამოხმაურება სკანდალურ წერილზე

Image

"აფხაზეთის ხმაზე" გამოქვეყნებულ რუსუდან ცირეკიძის წერილს „თქვენ ეს იცოდით, ქალბატონებო და ბატონებო?! - სკანდალური ფაქტი და მიმართვა „წითელ ინტელიგენციას“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

 
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ერთერთ გამოხმაურებას, რომლის ავტორი საბა იბერი რუსუდან ცირეკიძის ვარაუდს იზიარებს და თავის მხრივ, ფაქტებზე დაყრდნობილ განვრცობასაც გვთავაზობს.
 
საბა იბერის წერილი-გამოხმაურება "აფხაზეთის ხმის" ადმინისტრაციას:
 
 
„აფხაზეთის ხმის“ საიტზე დაიბეჭდა რუსუდან ცირეკიძის წერილი თებერვლის ანექსიის პერიოდის თემაზე: „თქვენ ეს იცოდით, ქალბატონებო და ბატონებო?! - სკანდალური ფაქტი და მიმართვა „წითელ ინტელიგენციას“, სადაც მას მოჰყავს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპული ქართველი გოგონას- მარო მაყაშვილის ლექსის სტრიქონები:
 
“ჩემი ძმები და ამხანაგები,

ვინც შეიწირა ომმა წყეულმა,
ასე მგონია რაღაც განგებით
თეთრ წეროებად გადაქცეულან…
წეროთა გუნდი ყივის და ყივის
ისინი მართლაც ჩემი ძმებია.
სადღაც გამქრალა მიჯრილი მწკრივი
და, ალბათ, ჩემი შესავსებია…


1921 წ. 12 თებერვალი.”


ავტორის თვალს არ გამოპარვია, რომ მისთვის კარგად ცნობილი "სიმღერა, რომელსაც დღემდე მღერიან არყით გამობრუჟული რუსი სალდათები და თვალზე მომდგან კურცხალს იწმენდენ… კონკურსებს აწყობენ სახელწოდებით:“ჟურავლი“, მაროს და მისი მეგობრების მკვლელი არმიის სიმღერა - მაროს ლექსზეა დაწერილი!!!".


ასეთ დასკვნას ავტორს ტექსტების შედარება აკეთებინებს - მართლაც, შეუძლებელია, თითქმის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი რაიმე ეჭვს იწვევდეს:


“Мне кажется порою, что солдаты,
С кровавых не пришедшие полей,
Не в землю эту полегли когда-то,
А превратились в белых журавлей...


Летит, летит по небу клин усталый -
Летит в тумане на исходе дня,
И в том строю есть промежуток малый -
Быть может, это место для меня!”.


შემდეგ ავტორს მოუძიებია რუსეთში ამ ლექსისავტორად აღიარებული დაღესტნელი პოეტის - რასულ გამზათოვის მოგონება, სადაც ის წერს, რომ შინაარსი მას შთააგონა იაპონელი ბავშვების მიერ გაკეთებულმა ქაღლდის წეროებმა, რომლებიც, ხიროსიმის დაბომბვის შემდეგ დასნებოვნებულები, იმედოვნებდნენ, რომ 1000 წეროს გაკეთების შედეგად გადარჩებოდნენ. მოვლენით გულშეძრულმა პოეტმა თურმე ლექსი მიუძღვნა დიდ სამამულო ომში დაღუპულ გმირებს და მიმართა მოწოდებით იუნესკოს დირექტორს, გმირების ხსოვნის დღის დასაწესებლად.


ამის შემდეგ კი მთლად საოცარ ფაქტს გვიზიარებს ავტორი - მას აღმოუჩენია მარო მაყაშვილის ლექსის უკუთარგმანი: გამზათოვის ვერსია - რუსულიდან ქართულად.


მოვუსმინოთ რუსუდან ცირეკიძეს:


"რამდენიმე დღის წინ კი რასულ გამზათოვის ლექსის შოთა ნიშნიანიძისეულ ქართულ თარგმანს გადავაწყდი ინტერნეტში. არ ვიცი, დაეზარა ბატონ შოთას თარგმნა თუ სპეციალურად გააკეთა ეს (იმედი მაქვს),მაგრამ პირდაპირ, სიტყვასიტყვით მარო მაყაშვილის ლექსია ეს ქართული თარგმანი..."

და აქ უკვე ავტორი პირდაპირ მიმართავს ქართულ წითელ ინტელიგენციას:

 

თქვენ იცოდით, ბატონებო და ქალბატონებო?

 

რასაკვირველია იცოდით..

 

შოთა ნიშნიანიძემ აუცილებლად და ყველა ვარიანტში იცოდა და არამგონია, ეს თქვენს წრეში დამალულიყო...

 

როდის წააკითხეთ თუ წაუკითხეთ მაროს ლექსი თქვენს მეგობარ რასულ გამზათოვს, რომელიც ლამის საქართველოში ცხოვრობდა, და პატივისცემა არ დაკლებია თქვენგან? რომელ სუფრაზე? ალბათ საქართველოსთვის დაღუპული გმირების სადღეგრძელოს წარმოთქმისას...

 

არ გრცხვენიათ???

 

გამზათოვს რას ვერჩი- ბანალური ქურდი, პლაგიატია და კარიერა აიწყო ამ ლექსით..

 

თქევნ სად იყავით???

 

რატომ მიეცით ამის უფლება???"

 

და არც ავტორისეული საბოლოო დასკვნა აყოვნებს:

 

"რუსებმა სწორედაც იმიტომ „გააპიარეს“ ეს ლექსი ასე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს დამარცხების, დაჩოქების სიმბოლო იყო..."

 

ამ შესანიშნავ წერილზე ჩემი მცირედი გამოხმაურებით მსურს რიგი ვარაუდები მტკიცებებით დავუდასტურო ავტორს და პირველ ყოვლისა, დავიწყო იმით, რომ რასულ გამზათოვი საერთოდ არაფერ კავშირში არ არის არც ქართულ ლექსთან და არც საერთოდ პოეზიასთან. მაშ ასე, სმენა იყოს და გაგონება:

 

რუსეთში მიხეილ ველერის ავტორობით გამოიცა ნოველების კრებული „არბატული მოთხრობები“, რომელთაგან ერთ-ერთი: „ლიტერატურული პროექტი“ - მოგვითხრობს, თუ როგორ აქციეს ებრაული წარმოშობის რუსმა პოეტებმა რიგითი დაღესტნელი ბედის მაძიებელი საქვეყნოდ ცნობილ პოეტად.


ნოველაში აღწერილია შეხვედრა მოსკოვის ლიტერატურულ კაფეში, „ЦДЛ“-ში, სადაც სამი მეგობარი - უფულო და უსახელო პოეტები, რომელთაც „მეხუთე გრაფის“ მიზეზით არავინ უბეჭდავდა ლექსებს, დარდს იკლავს იაფი ალკოჰოლური სასმელით და ფიქრობენ ფულისა და სახელის მოპოვების საშუალებებზე.


ისინი ერთმანეთს შესჩივიან, რომ მეხუთე პუნქტის პატრონებს უკვე ფსევდონიმითაც აღარ უბეჭდავენ ლექსებს - არადა, რას ნიშნავს: პოეტი. რუსული ენა. ნოვატორული ფორმა. ებრაელი. კავშირებისა და მფარველების გარეშე. მოსკოველი. ქვოტა - გეგმებზე მიბმული. გასაჩინოებული, მაგრამ წამხდარი.
ყველაფერი ეს სწორედ მათზეა გამოჭრილი.


მოთხოვნა კი საპირისპიროა:


პირველი - ეროვნული პოეტი უნდა იყოს;


მეორე - მცირერიცხოვანი ხალხის შვილი, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლებამდე დამწერლობა არ ჰქონია;


მესამე - პროვინციელი, სადღაც გადაკარგულში მცხოვრები;


მეოთხე - ყველასათვის უცნობი, ლიტერატურული აღმოჩენა;


მეხუთე - კლასიკური ფორმა, ადგილობრივი კოლორიტის ჩანართებით;


მეექვსე - ეს წიგნი უნდა გამოვიდეს მის სამშობლოში, ადგილობრივ ენაზე და ის უნდა გაიცნოს მოსკოვმა;


მეშვიდე - ეს წიგნები დასტებად უნდა დაეგზავნოს გამომცემლობებს, ჟურნალებს, სამდივნოებს, პრემიების კომიტეტებს - სადაც გნებავთ: კარგი რუსული თარგმანებით, მთარგმნელებიც რამდენამდე ცნობილები უნდა იყვნენ.


და უეცრად, თითქოს ჯადოსნური კვერთხის მეოხებით, მთელი წარმოსახვები ერთბაშად ცხადში ხორციელდება. ვნახოთ, როგორ არის ეს აღწერილი ნოველის მეორე ნახევარში (გთავაზობთ, მოვლენასთან შესატყვისობით, ექსპრომტულად შესრულებული ჩემეული არაპროფესიონალური თარგმანით):


„... და აი, უეცრად ლანდივით იხატება უეცარი ზმანება: კარებში, როგორც სურათის ჩარჩოში, ჩნდება ჯიგიტის სურათი - ყმაწვილი, კარგა მადიანი კავკასიური ცხვირით...


შემოქმედებით პაექრობათაგან ადენილ ორთქლსა და დიდების ოხშივარს შორის იგი თავისი არწივის ცხვირით უიმედოდ ეძებს თავისუფალ სკამს და ბოლოს ნიუმას სკამს უსწორებს მზერას. მაგრამ ეს ხომ ნიუმას სკამია. ესე იგი, დაკავებულია. ნიუმა ტუალეტშია გასული. ორი იაშა მას გაგდებას უპირებს.


მაგრამ ნიუმა დაბრუნებისთანავე კეთილ მასპინძლობას იჩენს: -ოჰო, სტუმარი გვყოლია! - და ოფიციანტს უხმობს - რაეჩკა, ერთი სკამი მოგვიხერხე - თან ორ იაშას ანიშნებს:-ხმა არ გაიღოთ, თქვე მთვრალო იდიოტებო!


იაშები ერთმანეთს გადახედავენ, როგორც აბორიგენები, რომლებმაც ეს-ესაა გადაწყვიტეს კუკის შეჭმა და ცინიკური კეთილმეგობრული ღიმილით ეპობათ ტუჩები. ეცნობიან სტუმარს და ცერემონიალურად ანჯღრევენ მის მკლავებს.


-ერთ სირჩას ხომ არ დაგვილევდით? - გულღიად სთავაზობენ გულუხვი მოსკოველები და წრუპავენ უკანასკნელ წვეთებს. თან გამომცდელ რეჟიმში გადადიან.


-ეხლავე შევუკვეთავ - აცხადებს სტუმარი და ამაყად უხმობს ოფიციანტს. ოფიციანტი პროფესიულ იგნორირებას ახდენს მის სიამაყეზე. ოფიციანტი, როგორც საჯარო დედა, რეაგირებს მხოლოდ თავისიანების ტირილზე.


მეგობრები კავკასიელს ჩაიზიარებენ პროგრესში, ანუ შრომის განაწილებაში - ორი იაშა და ნიუმა კაბით იჭერენ ოფიციანტს, ხოლო მთის შვილი, ეპოსივით იწყებს მენიუს ციტირებას. ისინი კი ახდენენ ამ სამზარეულოსკენ მიმართული არტ-ცეცხლის კორექტირებას ეფექტურობის თვალსაზრისით. ამით იმის დემონსტრირებაც სურთ, რომ ისინი ცნობილი მოსკოველი პოეტები არიან, რომლებიც ოლიმპიდან ჩამოვიდნენ სავახშმოდ, თორემ ისე რა ფეხები დარჩენიათ აქ.


მერე სტუმარს ეკითხებიან:


-რუსლან, შენ აქ რა ქარმა შემოგაგდო?


ამ დროს ეს რუსლანი მათ მხოლოდ ჯიბით აინტერესებთ, თორემ მისი ცხოვრება - მისი პრობლემაა. ვის ადარდებს სხვისი თავის სატეხი - ნეტა საკუთარი გასაჭირი დააძლევინათ! მთის კანონების თანახმად რუსლანი მოვალეა, დანახარჯი გადაიხადოს, მით უფრო, რომის შეუშვეს წმიდათაწმიდა „ЦДЛ“-ში, და ახლა პოეტებთან ერთად ზის, როგორც თანასწორი.


-მომშივდა, შვეიცარს ფული მივეცი და შემომიშვა. სხვაგან არსად ადგილი არ იყო.


ჰო, აქვთ ამ ყოყლოჩინა და გულმედიდ კავკასიელებს ეს უწყინარი სნობიზმი - ჩაუკუჭონ მაყუთი შვეიცარებს და შეაღწიონ სსვადასხვა დახურული სისტემის ადგილებში, რათა დედაქალაქის ელიტურ წრეებში მადიანად მოილხინონ დაზოგჯერ ბოთლიც კი გაუგზავნონ მეზობელ მაგიდასთან მსხდომ ცნობილ ადამიანებს, პატივისცემის ნიშნად.


შენ, ძმაო, რუსლან, ძალიან დროულად შემოხვედი: ზუსტ ადგილას და ზუსტ დროზე.
ერთდროული მორცხვობითა და გულუხვობით სტუმარი დადებით გრძნობებს აღძრავდა. შეჭიკჭიკებულ მასპინძლებს სურდათ რაიმე სასიამოვნო ეთქვათ სტუმრისათვის. არაფერი ადამიანური ხომ არ არის უცხო სხვის ხარჯზე მოქეიფეთათვის.


-რუსლან - ალერსიანად ეკითხებიან - საიდან ხარ წარმოშობით, ძვირფასო ყმაწვილო? - და მაშინვე ავიწყდებათ პასუხი, რომელიღაც მწვერვალს რომ გულისხმობს კავკასიაში, რომლის სახელიც მათ არც აქამდე გაუგონიათ და არც ამას იქით გაიგონებენ.


როგორადაც არ უნდა ფართოვდებოდეს მთვრალი კაცის ცნობიერება, იგი მაინც ვერ დაიტევს პოეტის არაცნობიერის უსაზღვროებას. სურვილი რკინის ხელით მიგვიძღვება წინ, რომელზეც ტატუს სახით არის „აუცილებლობა“ ამოტვიფრული. თავისუფლების ილუზია - ეს არის ოპიუმი ღარიბებისათვის.


-რუს-სლან - ინტერესდება იაშა-2 და ცდილობს ისეთნაირად დაალაგოს სიტყვები, რომ არ აწყენინოს სტუმარს - თქვენს პატარა ქვეყანაში პოეტები გყავთ?


-ჩვენში ყველა პოეტია - მკვირცხლად პასუხობს რუსლანი - მაგრამ ჯერ არ გვყავს.


-მთარგმნელები? - ეკითხება იაშა-1


-არც მთარგმნელები გვყავს - სინანულით მიუგებს რუსლანი


- დიუ პერფე - ასკვნის ნიუმა.


-რაო? –


-„არ არსებობს ქვეყნად სრულყოფილება“ - თანაგრძნობით ამთავრებს დიალოგს ნიუმა „პატარა უფლისწულიდან“.


შედიან ზარხოშული საძაგლობების ამაზრზენ სტადიაში, როდესაც პოეტები ვერ აკონტროლოებენ საკუთარ თავს და იწყებენ ლექსების კითხვას... და „ვაი-ვაი-ვაი“ -ს მსგავსი შორისდებულებითგამოსცემენ რუსულ ენაზე თვალთმაქცურად აღმატებულ შეფასებებს შავტუხა გულუხვი ეროვნებანი.


აღტაცებაში მოსული მთიელი მცირე ხმით მიემართება იქითკენ, სადაც მორაკრაკე ნაკადულები გამტკნარებულ სიმშვიდეში განაწყობენ მას სიამისაკენ - ანუ, ტუალეტში.


ამასობაში კი მეგობრები აფასებენ სიტუაციას:


-რა ვქნათ, ვცადოთ? -არცთუ სერიოზულად კითხულობს ნიუმა.


-რა დროს „ვცადოთაა“, მოქმედებაა საჭირო! - ჩურჩულით წამოიძახებს იაშა 1.


-ეტყობა, ღმერთი არსებობს - ამბობს დამტკბარი იაშა-2 - და ვინძლო, სმენაც ჰქონია. მან შეისმინა ჩვენი თხოვნა...


მიმნდობი მსმენელი ყოველთვის იწვევს პოეტის თანაგრძნობას. დუმს - ესე იგი, ესმის.


-აი, ისიც გამოჩნდა. თუ არა ეს - მაშ ვინ?


-კარგი, და მთლად გაუნათლებელი რომ აღმოჩნდეს? ალპიური თხის მწყემსი?


-შენ ხომ არ გაგიჟებულხარ - რადგან „რესტორანი“ ამოიკითხა, იმაზე მეტად განათლებული ყოფილა, ვიდრე საჭიროა.


-აი, ისიც მოვიდა...


-მომისმინე ყურადღებით - მკაცრად ეკითხება იაშა პირველი - შენ რაიმე განათლება გაქვს?


-მე განათლებული ვარ -ღირსებით პასუხობს მთიელი.


- აბა, მითხარი, როგორ იქნება შენს ენაზე „მდინარე“?


რუსლანმა უპასუხა. რუსულად ამ სიტყვის გამეორება მეგობრებმა ვერ შეძლეს.


-მთვარე? ცა? დედა? მეგობარი?


-იარაღი? ბრძოლა? საფლავი? სიმამაცე?


სემანტიკური რიგები ცვივა, როგორც კუბიკები ნახვრეტიდან.
მერე ამან თამაშის ფორმა მიიღო:


-სიყვარული? უბიწობა? ერთგულება? მოხუცი? სახლი? ხე? ნაკადული? მთა? ღრუბელი? სიცოცხლე? სიკვდილი? სიკეთე? ბოროტება?


-ბიჭებო - დაასკვნა იაშა-ორმა - მან ყველა სიტყვა იცის.


-ვიცი - დაადასტურა რუსლანმა.


-ამ სიტყვების დაწერა შეგიძლია?


-სად?


-ქაღალდზე.


-შემიძლია.


-შეუცდომლად? - ჩაძიებით ჰკითხა ნიუმამ.


-მოკეტე, იდიოტო! - წამოიკნავლეს ერთად იაშებმა - დიდი ხანია კორექტორს ნერვები არ დაუღრღნია შენთვის?


-დიდი ამბავი. სულ ორი ათასი სიტყვაა საჭირო და საკმარისი იქნება მათი ლექსებისათვის.


-ესე იგი, ასე - რუსლან! შენ გინდა გახდე პოეტი?


-მთელ კავკასიაში ყველაზე ცნობილი... - დაუმატა იაშა-2-მა.


-მაშინ აიღე კიდევ ერთი ბოთლი კონიაკი - უბრძანა ნიუმამ - ახლა ყველაფერს აგიხსნით.


ისინი მაგიდის ქვეშ ფეხებს და მხრებზე ხელებს უბარტყუნებენ ერთმანეთს:


-ეს ჩვენს გამარჯვებას გაუმარჯოს! - ღრიალებს ნიუმა და მას არავინ აქცევს ყურადღებას, რადგან უკვე


მეთორმეტე საათია და ესღრიალი ჩვეული ამბავია ამ დროს.
მათ თავები ერთმანეთს მიუახლოვეს და განდობილად გაუმხილეს სტუმარს:


- გვისმინე ყურადღებით. ჩვენ ვწერთ ლექსებს. შენ თარგმნი მათ შენს ენაზე. შენი სიტყვებით. როგორც შეგიძლია. ამას მნიშვნელობა არა აქვს. მერე შენ მათ გამოაქვეყნებ შენთან. ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა მოიქცე. ჩვენ დავრეკავთ, სადაც საჭიროა. შენ მარტო თარგმნე და მიიტანე. ჩვენ კი მაშინვე ამ ჩვენს ლექსებს, როგორც შენგან თარგმნილებს, დავბეჭდავთ მოსკოვის ჟურნალში. ჩვენ ამ ლექსებისგან შევადგენთ კრებულს. შენ კი მას მიაწვდი თქვენს გამომცემლობას. რომელია თქვენი ყველაზე დიდი ქალაქი?


-მახაჩყალა - თქვა რუსლანმა


-მახაჩყალა... გენიალურია! სჯობდა, ხანტი-მანსიისკი ყოფილიყო... მაგრამ ამასაც არა უშავს.
-მისმინე, ჯიგარო, შენ ჩეჩენი ხომ არა ხარ? ან ბალყარელი? ან ინგუში? არა? ჰოდა, მადლობა ღმერთს! თორემ რეპრესირებულ ხალხებთან პრობლემებია. მთლად უკეთესია, თუ მაგ შენს ხალხზე საერთოდ არაფერი სმენიათ აქამდე.


რუსლანს სახეზე ემჩნეოდა, რომ მდუმარედ ყლაპავდა წყენას თავისი პატარა ამაყი ხალხის სახელით, რომლის შესახებაც მანამდე არ გაეგონათ.


- სამაგიეროდ, ამიერიდან შენი პატარა ამაყი ხალხის შესახებ მთელი ქვეყანა გაიგებს - დიდსულოვნად დაჰპირდა იაშა-2 - დიადი და მძლავრი რუსული ენის მეშვეობით - გადაგთარგმნიან ყველა ენაზე!


ნიუმამ განუმარტა:


- როგორც კი შენი წიგნი გამოიცემა ხანკალაში...როგორ თქვი? ხანკალაში კი არა, მახაჩკალაში? ჰო, მახაჩკალაში, ჩვენ მას ჩავუშვებთ მოსკოვის გამომცემლობაში.


და შენ, როგორც მცირე ხალხის წარმომადგენელი, რომელიც ქმნის მის ლიტერატურას, ავტომატურად წარდგენილი ხდები... ლენინურ პრემიაზე!


-რომელსაც ჩვენ პატიოსნად ვყოფთ ოთხ ნაწილად და შენც იმდენივეს იღებ, რამდენსაც ჩვენ!
ოსტაპებმა მოიწმინდეს თავიანთი კეთილშობილი შუბლები.


-ლენინური პრემია- ეს რამდენია? - პრაქტიკული კითხვა დასვა ლაურეატობის კანდიდატმა.


-უყურე შენ ამას. შენ გეყოფა. ასი ათასი რუბლი. გაკმაყოფილებს? აქედან ოცდახუთი - შენი იქნება!
მატერიალურმა მხარემ სწორი ზემოქმედება იქონია ახალგაზრდა, მაგრამ კავკასიელ ადამიანზე. ახლა უკვე მათ წინაშე იჯდა ბიზნესმენი და პარტნიორი. ბიზნესმენი ანგარიშობდა, თუ სად იყო ძაღლის თავი დამარხული და შეეძლო თუ არა, მეტი მოეთხოვა. ბოლოს პარტნიორმა საქმიანად იკითხა:


-სად არის ლექსები?


-სად არის და საცა საჭიროა... ხვალ გექნება ლექსები. გაწყობს რუსლან?


-მე რუსლანი არ მქვია...


-აბა, რა გქვია?


-რასული მქვია.


-აბა, რატომ გაგვაცანი თავი რუსლანად?


-მე არ გაგაცანით, თქვენ სწორად ვერ გაიგეთ.


-რატომ არ გვისწორებდი?


-ჩვენთან არ არის მიღებული, შეუსწორო უფროსებს, უზრდელობად ითვლება.


- კარგი, იყავი რასული, ერთი მთხლე არ არის? გვარი როგორი გაქვს?


აი, ასე დაიბადა წარსულში მთელ ქვეყანაზე გახმაურებული ავარელი პოეტის, რასულ გამზათოვის წიგნი: „შორეული ვარსკვლავები“, რომელმაც 1963 წელს ლენინური პრემია დაიმსახურა, ხოლო თავად გამზათოვმა - ხალხთა მეგობრობის ორდენი და მსოფლიო აღიარება ჰპოვა. მთარგმნელებმა - იაკობ კოზლოვსკიმ, იაკობ ხელემსკიმ და ნაუმ გრებნევმა სახელიც გაითქვეს და მატერიალურადაც მოითქვეს სული, ამასთანავე, შევიდნენ პოეტური სამყაროს რეესტრში, ხოლო ეროვნული პოეტები ჩადგნენ მათთან რიგში საკუთარი ხელნაწერებით.



ნიშანდობლივია, რომ მათ ლექსებს, მათივე საკუთარი სახელებით ხელმოწერილს, კვლავინდებურად არაფრად აგდებდნენ. სწორად მოძებნილი პოეტის სახე და იმიჯი - დიადი საქმეა!



მაგრამ გამზათოვიც, მათ გარეშე იყო, როგორც მევიოლინე ტუჩის გარმონით, რომლის ნახვრეტებიც ონავარმა ბიჭებმა ასანთის ღერებით ამოუქოლეს.


საიუბილეოდ დაღესტნის ავარული მრავალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორმა თავისი სისულელით გადაწყვიტა სიურპრიზის მოწყობა. მან მოიძია გამზათოვის უკანასკნელი პოემის ავარული ტექსტი და დაბეჭდა ორ გაშლილ გვერდზე იმავე დღეს, როდესაც ის იბეჭდებოდა რუსულ ენაზე „იზვესტიაში“. შედარებამ არ იმოქმედა ნერვული სისტემის სასარგებლოდ. მშობელმა ხალხმა პარალელური ტექსტები შეაფასა, როგორც სულში ჩაფურთხება. გამძვინვარებული გამზათოვი ქუჩებსა და ტყე-ღრეში დასდევდა რედაქტორს, ხანჯალზე აგებისა და სისხლის აღების მუქარით.“


აი, ასე მთავრდება ეს ტექსტი. მკითხველს, რომელმაც ასე თუ ისე იცის, „დიდი დაღესტნელი მწერლის“ შემდგომი ბედ-იღბალი, თავად შეუძლია განაგრძოს დოკუმენტური ტექსტის ავტორის წარმოსახვითი თხრობა და წარმოიდგინოს, როგორ დაიწერებოდა მისი შემდგომი ლექსთა კრებულები, როგორ შეიქმნებოდა მითი მის საკუთარ მამაზე - სახალხო მთქმელ გამზათ ცადასაზე, როგორ დაიწერებოდა ვრცელი დოკუმენტური მოთხრობა „ჩემი დაღესტანი“. მაგრამ ეს ფანტაზიები შორს წაგვიყვანს.


ახლა, ისევ პირველსავე სიტყვაზე მოვიდეთ და, რაკი გავარკვიეთ გამზათოვის სრული შემოქმედებითი განსმდგომობა (ზნეობრიობაზე არას ვამბობთ), ვნახოთ, ვინ რაში შეგვიძლია დავადანაშაულოთ.


რუსუდან ცირეკიძე ბრძანებს: „გამზათოვს რას ვერჩი - ბანალური ქურდი, პლაგიატია და კარიერა აიწყო ამ ლექსით“. როგორც დავინახეთ, ამ გაუნათლებელი კაცისთვის თვით პლაგიატორის წოდება დიდად აღმატებული ქება შეიძლება გამოგვივიდეს და, რა თქმა უნდა, ვერანაირი ქართველი (და, მათ შორის, წითელი) ინტელიგენტი ვერ წაუკითხავდა მარო მაყაშვილის ლექსს გამზათოვს - ის ამას მაინც ვერ გაიგებდა თავისი მწირი გონებრივი თვალსაწიერით.

სხვა საკითხია - ნაუმ გრებნევი, ვისი ნაღვაწიც, ქალბატონი რუსუდან ცირეკიძის მიერ საიტისთვის მიწოდებულ ფილმ-სიმღერის ტიტრებზე საგანგებოდ არის დაფიქსირებული: როგორც ჩანს, მას ერთობ დაუფასეს თავდადება, რადგამ ავტორის დონეზე არის მისი გვარი წარმოდგენილი, რაც, საზოგადოდ, ასეთი ხაზგასმით არ აღინიშნება ხოლმე.


შესაბამისად, ეს ლექსი ქართველებმა წააკითხეს არა რასულ გამზათოვს, არამედ ნაუმ გრებნევს და მანაც, იმ მოხერხებულობითა და გამჭრიახობით, რაგვარადაც ეს ველერის ნოველაში არის აღწერილი, აქცია თავისი დროის ჰიტად!


ცხადია, „წეროების“ ტექსტის ავტორი - ნაუმ გრებნევი, მართლაც მთარგმნელია, ოღონდ არა გამზატოვისეული, არამედ მარო მაყაშვილისეული დედნიდან.


და ისიც მართალია, ალბათ, რომ „რუსებმა სწორედაც იმიტომ „გააპიარეს“ ეს ლექსი ასე, რომ დამოუკიდებელი საქართველოს დამარცხების,დაჩოქების სიმბოლო იყო...“


ამით მათ ორი კურდღელი მოკლეს - საკუთარი თავი მსოფლიოში მშვიდობის დესპანად წარმოაჩინეს და იმპერიული წიხლიც ჰკრეს მონობისადმი დაუმორჩილებელი ერის თავისუფლებისკენ მისწრაფებას, ზუსტად ისე, როგორც ამას დღეს აკეთებენ ყოფილი სიუზერენის თანამედროვე შთამომავლები.


რაც შეეხება შოთა ნიშნიანიძეს, ნაუმ გრებნევს პირდაპირი შეხება ჰქონდა მის შემოქმედებასთან - „ვიკიპედიაში“ საგანგებოდ არის აღნიშნული, რომ ლამის მთელი საბჭოთა ხალხის პოეზიასთან ერთად (რომელთა „ეროვნული პოეტებიც რიგში იდგნენ მათთან საკუთარი ხელნაწერებით“), მას პერსონალურად ჰქონდა თარგმნილი შოთა ნიშნიანიძის პოეზია, ხოლო გამზატოვის პროზაული „ჩემი დაღესტნის“ პოეტური ნაწილი სწორედ შოთა ნიშნიანიძის თარგმნილი გახლავთ.


ამდენად, როდესაც ავტორი სვამს სრულიად მართებულ კითხვას: „რატომ მიეცით ამის უფლება???“ გასარკვევი რჩება, ვის უნდა მივმართოთ ამ კითხვით: აწ გარდაცვლილ შოთა ნიშნიანიძეს, მთელ საბჭოურ საქართველოს მწერალთა კავშირს თუ ხსენებული თაობის იმ უკანასკნელ მოჰიკანთ, რომლებიც დღესაც ცად თვალებაპყრობილნი იმედის თვალით შესცქერიან რუსეთიდან მომფრინავ წეროებს?!


საბა იბერი, "აფხაზეთის ხმისთვის"


თემატურად დაკავშირებული ლიტერატურა (ჩამოტვირთვა სხვადასხვა ფორმატში)



რედაქციისგან: რუსუდან ცირეკიძის წერილში გამოქვეყნებული ვარაუდი ლექსის ქართული ვარიანტის მარო მაყაშვილისთვის მიკუთვნების შესახებ დადასტურებულად ჩაითვლება მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება ხელნაწერის ფოტოასლი, რომლის მოძიებასაც, მისი არსებობის შემთხვევაში, როგორც რედაქცია, ასევე წერილის ავტორი რუსუდან ცირეკიძე შეეცდებიან.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !