
უკრაინის შს მინისტრი არსენ ავაკოვი ავრცელებს ინფორმაციას, რომ კიევის ცენტრში, ერთერთ სასტუმროში "სხოდკის" მიმდინარეობის დროს სამი გავლენიანი "კანონიერი ქურდი" აიყვანეს, რომლებიც უკრაინაში გავლენის სფეროების გადანაწილებაზე მსჯელობდნენ.
არსენ ავაკოვი წერს, რომ დაკავებულები მერაბ ჯანგველაძის კლანის წევრები არიან, თუმცა, დაკავებულების კავშირი ჯანგველაძესთან სხვა არხებით არ დასტურდება. ავაკოვის მიხედვით, "კანონიერი ქურდები" განსაკუთრებით არიან დაინტერესებული უკრაინით, რადგან ხშირად ჩნდებიან ქვეყანაში.
მინისტრის ინფორმაციითმ "სხოდკის" მონაწილეები უკრაინაში ტვირთბრუნვის გაკონტროლებასა და ენერგომაფიის ქსელის განვითარება-დაფინანსებაზე თათბირობდნენ.
"უკრაინაში "კანონიერი ქურდების" მმართველობა არ იქნება! ჩვენ მათ არ მივცემთ საშუალებას, ჩაერიონ ქვეყნის მართვაში და თქვენც, მოქალაქეები, მხოლოდ მაშინ ამოისუნთქავთ, როცა ამ ჯენტლმენებს ყველას განვდევნით ჩვენი ქვეყნიდან", - წერს ავაკოვი.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულებს უკრაინიდან გააძევებენ. იმის გათვალისწინებით, რომ "კანონიერი ქურდები" საქართველოს მოქალაქეები არიან, მათი გაძევება, სავარაუდოდ, საქართველოში იგეგმება, სადაც, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ისინი უნდა დააკავონ და ბრალად ქურდული სამყაროს წევრობა წაუყენონ იმის მიუხედავად, არიან თუ არა ეჭვმიტანილი ან შემჩნეული რაიმე სახის დანაშაულში.
არსენ ავაკოვის ინფორმაციით, დაკავებული არიან ქუთაისელი, 38 წლის "კანონიერი ქურდი" ვარლამ კუხიანიძე, იგივე "ვატია", 33 წლის მინდია გორაძე, იგივე "ლავასოღლი ბათუმელი" და 43 წლის სერგო ღლონტი, იგივე გუგა - ე.წ. "სოხუმის კლანის" "კანონიერი ქურდების" წარმომადგენელი. აქედან "ლავასოღლი ბათუმელი" უკრაინაში, ბოლო 1,5 წლის განმავლობაში, უკვე მეოთხედ დააკავეს.
ცნობილი გახდა, რომ "გუგას" ნებაყოფლობით დაატოვებინებენ უკრაინას, ქვეყანაში შემდგომი შემოსვლის აკრძალვით, ხოლო "ლავასოღლისა" და "ვატიას" მიმართ განიხილება იძულებით გაძევების საკითხი.