
უფლებადამცველი თამარ გურჩიანი, რომელიც ბათუმის სანაპიროზე მამაკაცის მხრიდან ქალის სასტიკად ცემის მოწმე გახდა, ამბობს, რომ ქალზე თავდამსხმელი, რომელიც დააკავეს, პოლიციელის შვილია.
თამარ გურჩიანის ინფორმაციით, სასტიკად ნაცემი ქალი თურქმენეთის მოქალაქეა და, როგორც აღმჩნდა, მამაკაცი მასზე ერთი წელია, ძალადობს. მისივე თქმით, ქალს მამაკაცმა პასპორტიც წაართვა.
"ეს ქალი დაკითხეს და მოწმეების სახით ვიკითხებით რამოდენიმე ადამიანი. აღმოჩნდა, რომ მოძალადე მამაკაცი არის პოლიციელის შვილი. ვინაობის გამხელისგან თავს ვიკავებ, მგონია, არ არის ეთიკური, ამ კაცს მაინც უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს. მოიყვანეს მოძალადე განყოფილებაში და იმის მაგივრად, რომ დაეკავებინათ, პოლიციის განყოფილების უფროსმა მანუჩარ კახიძემ თქვა, რომ მის დაკავებას არ აპირებდნენ. როგორც აღმოჩნდა, ამ ბიჭმა პასპორტი წაართვა ქალს და ერთი წლის განმავლობაში ასე ძალადობს მასზე", - ამბობს თამარ გურჩიანი.
თამარ გურჩიანი არ ასახელებს პოლიციელის შვილის ვინაობას, რადგან მისი თქმით, მას უდანაშაულობის პრეზუმფცია იცავს. შსს ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის მიერ ქალის ცემის ფაქტს ადასტურებს, მაგრამ უარყოფს, რომ თავდამსხმელი პოლიციელის შვილია.
ბათუმში მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში უფლებადამცველმა ირაკლი ვაჭარაძემაც გაავრცელა. მომხდართან დაკავშირებით ბათუმში სიტუაციას არკვევენ ჟურნალისტები.