3 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში გაჩენილი მასობრივი ხანძრების შედეგად, რომელმაც ერთბაშად მოიცვა ოთხი დასახლებული პუნქტი.
როგორც შემთხვევის ადგილებზე გადაღებული და გავრცელებული ფოტო ვიდეომასალიდან ჩანს, მოსახლეობა დამოუკიდებლად და არაორგანიზებულად ცდილობდა ალმოდებული ქალაქების დატოვებას, რა დროსაც სამი ადამიანი დაიღუპა. 150-ზე მეტი კერძო სახლი ხანძარს შეეწირა.
ამის გარდა, დაიწვა ხის მორების საწყობები, რამდენიმე საამქრო და კერძო დაწესებულება, სადაც ხის გადამმუშავებელი სამუშაოები ტარდებოდა.
24 მაისს ხანძარმა მოიცვა ქალაქები ლესოსიბირსკი, კანსკი, ასევე დასახლებული პუნქტები სტრელკა, ტილიჩეტი და მალაია კეტი. ეს პუნქტები ერთმანეთისგან საკმაო მანძილითაა დაშორებული, ხანძრის გამომწვევად კი ყველა ამ ადგილზე სხვადასხვა მიზეზი სახელდება.
მაგალითად, მალაია კეტში ხანძარი, რომელმაც 13 სახლი გაანადგურა, მოკლე ჩართვამ გამოიწვია. კანსკში ხანძრის მიზეზი ნახერხის აალება გახდა - აქ 73 სახლი დაიწვა, სტრელკაში კი ხანძარი ტყის მასივიდან გავრცელდა და 37 სახლი დაიფერფლა.
საერთო ჯამში, უსახლკაროდ დარჩა 500-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 60-ზე მეტი ბავშვი.