
დღეს საბურთალოს სასაფლაოზე, ჟურნალისტის ოჯახი და ახლობლები შეიკრიბნენ.
ვახო სანაიას განცხადებით, ოჯახმა პროკურატურას რამდენიმე თვის წინ მიმართა, თუმცა რეაგირება არ მომხდარა. გიორგი სანაიას ოჯახი გეგმავს, რომ უახლოეს დღეებში პროკურატურას კიდევ ერთი განცხადებით მიმართოს.
„13 წელი გავიდა პოლიტიკური მკვლელობიდან. ვითხოვთ, რომ ამ მკვლელობის სრულფასოვანი შეფასება მოხდეს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, რა მოხდა 2001 წლის 26 ივლისს. უკვე მესამე ხელისუფლების პირობებში პროკურატურას რეაგირება არ მოუხდენია.
მოვუწოდებ მთავარ პროკურორს, დაინტერესდეს, რა განცხადებით მიმართა გიორგი სანაიას ოჯახმა საგამოძიებო უწყებას. ამ მკვლელობის მთავარი ფიგურანტები, დამკვეთები, შემსრულებლები და დამხმარეები დაუსჯელები არიან, ამიტომ ვითხოვთ, მიეცეს მსვლელობა ობიექტურ გამოძიებას.
არსებობს ყველანაირი სამართლებრივი საფუძვლები, მათ შორის არსებობს უზენაესი სასამართლოს იმგვარი გადაწყვეტილება, რომ საქმის ხელახალი განხილვა მოხდეს. პროკურატურა წლების განმავლობაში ვალდებული იყო რამე გაეკეთებინა, თუმცა არაფერი გაკეთებულა“, - განაცხადა ვახო სანაიამ.