
კრიმინალურმა პოლიციამ გასულ კვირას თბილისში, შარდენზე მდებარე ცნობილი ბარის მიმტანთან ერთად ამავე ბარის ერთ-ერთი მეპატრონე დააპატიმრა.
როგორც ირკვევა, 26 წლის ელენე 24 წლის გიორგისთან შეთანხმებით, სპეციალური მოწყობილობების, ე.წ. „რიდერის“ საშუალებით, 2014 წლის მარტიდან მაისამდე უკანონოდ აგროვებდა ბარის სხვადასხვა კლიენტის საბარათე მონაცემებს და კლიენტების მიერ თანხის გადახდის დროს ტერმინალებზე დაფიქსირებულ პინ-კოდებს იმახსოვრებდა.
სამართალდამცველებმა მათი საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას უკანონოდ მითვისებული თანხები, 47 ცალი პლასტიკური ბარათი, ტექნიკური მოწყობილებები - ე.წ. „რიდერი“ და „რაითერი“, კომპიუტერული ტექნიკა და მეხსიერების ფლეშ-ბარათები ამოიღეს.
„2012 წლის სექტემბერში გავხსენით ეს ობიექტი, მანამდე ვმეგობრობდით... გვქონდა კარგი პიროვნული ურთიერთობა და ვენდობოდი. ჩვენთან წილები 50/50-ზე იყო გადანაწილებული... საკმაოდ ცნობილი ბარია. ყოველდღიურად ვიღებთ უამრავ სტუმარს, ტურისტს და ის, რაც მოხდა, ჩვენს იმიჯზე სერიოზულად აისახება...
ერთადერთი, ვიცოდი, რომ მათ ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ, დანაშაულებრივი კავშირიც თუ ექნებოდათ, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. არასოდეს შემიმჩნევია ეს გოგონა მსგავს ქმედებებში. სამსახურში საკმაოდ დადებითი რეკომენდაციის საფუძველზე მივიღეთ“, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ბარის თანამფლობელმა.
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ოთარ გადაბაძე აცხადებს, რომ დამნაშავეები მონაცემებს კომპიუტერში ინახავდნენ და შემდეგ პროგრამულად ცარიელ პლასტიკურ ბარათზე გადაჰქონდათ შემდგომი განაღდების მიზნით.
„რაც შეეხება პინ-კოდს, მას მიმტანი გოგონა ვიზუალურად იმახსოვრებდა, როდესაც მომხმარებელი ანგარიშსწორების მიზნით ტერმინალზე შეიყვანდა შესაბამის კომბინაციას. ანუ, მიმტანი ბარათს ჯერ „რაიდერზე“ ატარებდა, შემდეგ ტერმინალში დებდა და ამ ტერმინალს პინ-კოდის შესაყვანად აწვდიდა მომხმარებელს. თავად კი აკვირდებოდა, რა კომბინაცია შეჰყავდა მომხმარებელს, ამას იმახსოვრებდა და შემდეგ ფურცელზე ინიშნავდა...
ხშირად ხდება რესტორანში, ან სხვა დაწესებულებაში მომსახურე პერსონალისთვის ბარათის გადაცემა. ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააკეთოთ. მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, ბარათი თქვენი მხედველობის არეს არ გასცდეს და ამასთანავე, სიფრთხილე გამოიჩინეთ პინ-კოდის შეყვანის დროს“, - განაცხადა გადაბაძემ.
„პრაიმტაიმი“