-
2014-06-14 11:11
გუშინ, გვიან ღამით, თელავის ცენტრში ჩაცხრილეს 35 წლის მამაკაცი, რომელიც კრიმინალურ სამყაროში „სტარიჩოკის“ სახელით ცნობილი 35 წლის არჩილ მაისურაძე აღმოჩნდა. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას „კახეთის საინფორმაციო ცენტრი“ ავრცელებს.
შემთხვევა დაახლოებით 00:10 საათზე, თელავის ცენტრში, „ჯეოსელის“ ოფისის წინ, ერეკლე მეორის გამზირზე მოხდა - მაისურაძეს რამდენიმე ტყვია ესროლეს, თავდამსხმელები კი ადგილიდან მანქანით მიიმალნენ.
თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანილი, სასიკვდილოდ დაჭრილი მაისურაძის გადარჩენა ექიმებმა ვერ მოახერხეს - ის საავადმყოფოში მიყვანიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა.
სავარაუდოდ, მაისურაძე კრიმინალური გარჩევის მსხვერპლი გახდა: ცნობილია, რომ მას ე.წ. კანონიერი ქურდის „ვანცეტას“ მკვლელობაში მონაწილეობისთვის შავი სამყარო დევნიდა. ამ ბრალდებით „სტარიჩოკი“ 12 წლის წინ გაასამართლეს კიდეც.
"კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ფოტო