
ოკუპირებულ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში რუსმა ოკუპანტებმა „სამხედრო საჭიროებისთვის“ ბულდოზერებით დაანგრიეს მე-19 საუკუნის ეკლესია და მის ეზოში არსებული სასაფლაო გადათხარეს.
ამჟამად, ადგილობრივი მოსახლეობისა და ე.წ. დეპუტატის გენადი შინკუბას დაჟინებული მოთხოვნით, ყველა სახის სამუშაოები შეჩერებულია. ადგილობრივმა ე.წ. დეპუტატმა გენადი შინკუბამ განაცხადა, რომ აქ მე-19 საუკუნეში კომპაქტურად ცხოვრობდნენ პოლონელები, რომლებმაც ააშენეს ეკლესია იმ სასაფლაოს ტერიტორიაზე, სადაც თავიანთ მიცვალებულებს ასაფლავებდნენ.
მისივე თქმით, ადგილობრივები ამ ადგილს წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ და უვლიდნენ. სწორედ ამიტომ, შინკუბასა და ადგილობრივი ხელისუფლების დე ფაქტო წარმომადგენლის მოთხოვნით, სამუშაოები შეჩერდა, ხოლო პოლიგონის უფროსის სახელზე შესაბამისი აქტი შედგა.
2011-2012 წლებში სოფელ წებელდის ის ტერიტორია, სადაც ეკლესია იყო შემორჩენილი, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ რუს მესაზღვრეებს ერთიანი შეთანხმების ფარგლებში გადასცა. რუსმა ოკუპანტებმა იქ პოლიგონის მშენებლობა დაიწყეს. სამუშაოებს უშუალოდ პოლიგონის უფროსი ვიქტორ გრიშენკო კურირებდა.
მძიმე ტექნიკით სამუშაოების შესრულება წებელდაში, გრიშენკოს ბრძანებით, 3 იანვარს დაიწყო. ბულდოზერებმა დაშალეს კედლები, ეკლესიის ნანგრევები კი ასი მეტრის მანძილზე მიმოფანტეს. იგივე ბედი ერგო ადამიანთა ნეშტებსაც.
ადგილზე თვითგამოცხადებული აფხაზეთის კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები გამოიძახეს, თუმცა, მათი დასკვნით, ეკლესია ისეა დაზიანებული, რომ მისი აღდგენა თავდაპირველი სახით, პრაქტიკულად, წარმოუდგენელია.
ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი ოკუპანტების მხრიდან ვანდალიზმის გამოვლინებას საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა და მომხდარს „შეგნებულად განხორციელებული ვანდალური აქტი“ უწოდა.
„გამოვხატავთ უკიდურეს აღშფოთებას რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალების მიერ აფხაზეთში, სოფელ წებელდაში ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების განადგურებასთან დაკავშირებით.
სამხედრო პოლიგონის მოწყობის მიზნით რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა დაანგრიეს 19-ე საუკუნის ეკლესია და პოლონელთა ისტორიული სასაფლაო.
ეს არის შეგნებულად განხორციელებული ვანდალიზმის აქტი, რაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმების, მათ შორის ჰააგის 1954 წლის კონვენციის პირობებს.
მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, იუნესკოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, სათანადოდ შეფასონ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელებული უკანონო ქმედებები და მოახდინონ მათზე შესაბამისი რეაგირება", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.
ლაშა ბერულავა