-
2016-11-17 11:25
რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ს საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი აცხადებს, რომ კონფლიქტურ რეგიონებთან სიტაუაციის დარეგულირების ის გზა, რაც, შესაძლოა, მოლდოვაში გამოიყენონ, სამაგალითო უნდა იყოს უკრაინისა და საქართველოსთვისაც.
"თუ მოლდოვა მიაღწევს კონფლიქტის დარეგულირებას დნესტრისპირეთში ისე, რომ მისი მოგვარების გზად კონფედერაციის შექმნა აირჩიოს, ამავე დროს კი განავითარებს ურთიერთობას რუსეთთან, ეს ნიშნავს, რომ კონფლიქტის მოგვარების სქემა უკრაინისა და საქართველოსთვისაც არსებობს", - თქვა კალაშნიკოვმა ჟურნალისტებთან საუბარში.
დუმის დეპუტატის თქმით, ამ ქვეყნებში ერთი და იგივე პრობლემებია: "ტერიტორიული პრობლემები, სახელმწიფო მოწყობა, კონსტიუცია და ეკონომიკა. და თუ ეს ყველაფერი შესაძლებელია სახელმწიფოში, რომელიც ევროკავშირის საზღვარზე მდებარეობს, ცხადია, ეს ძირითადი იქნება უკრაინასა და საქართველოში კონფლიქტების მოსაგვარებლადაც".
კალაშნიკოვის ამ განცხადებას ქათული მხარე ჯერ არ გამოხმაურებია, რაც შეეხება გამოხმაურებებს ოკუპირებული აფხაზეთიდან, რუსი დეპუტატის განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ. მაგალითად, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კან ტანია აცხადებს, რომ ასეთი წინადადება აფხაზებისთვის კატეგორიულად მიუღებელია და კალაშნიკოვს შეახსენებს, რომ სწორედ რუსეთმა და გაეროს წევრმა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა აფხაზეთი, როგორც სუვერენული სახელმწიფო:
"აფხაზმა ხალხმა უკვე აირჩია თავისი მომავალი განვითარების გზა და რომელიმე სახელმწიფოსთან კონფედერაციის შექმნის საკითხი ჩვენს დღის წესრიგში არ დგას", - წერს ტანია, ხოლო ბოლოს თავად კალაშნიკოვს მიმართავს:
"ბატონო დეპუტატო, მადლობელი ვართ იმისთვის, რომ აფხაზეთის ბედს განიცდით, მაგრამ ჩვენ აქამდე იოლად გავდიოდით თქვენი "კრეატიული" რჩევების გარეშე და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ".
