სოჭში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე აქსანა სევასტიდი სასამართლომ დამნაშავედ სცნო, ბრალდების მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2008 წლის აგვისტოში საკუთარი ტელეფონიდან გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
როგორც სევასტიდის ადვოკატი ივან პავლოვი ამბობს, ბრალდების მხარემ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სახელმწიფოს ღალატში დაადანაშაულა, რადგან 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრამდე რამდენიმე დღით ადრე მან ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ნაცნობს შეტყობინება გაუგზავნა მას შემდეგ, რაც საკუთარი თვალით ნახა, როგორ გადაადგილდებოდა რკინიგზის საშუალებით აფხაზეთის მიმართულებით მოძრავი სამხედრო ეშელონი, რომელსაც სამხედრო ტექნიკა გადაჰქონდა.
ადვოკატის განცხადებით, ბრალდება აბსურდულია, რადგან გადაადგილება დღისით-მზისით ხდებოდა და ეშელონი ათასობით ადამიანმა ნახა. მისი თქმით, აქსანა სევასტიდს არ მიუწოდებია ნაცნობისთვის ცნობები არც საბრძოლო ტექნიკის დასახელებაზე და არც რაოდენობაზე, ამიტომ სასჯელი არაადეკვატურია. ადვოკატი სასამართლოს ვერდიქტის გასაჩივრებას გეგმავს.
ივან პავლოვს ბოლო დროს ხშირად უწევს სახელმწიფოს ღალატში დადანაშაულებულთა დაცვა და ხშირად აღწევს გამამართლებელ განაჩენს, მაგრამ ბოლო რამდენიმე, ანალოგიური საქმე წააგო. მაგალითად, 2014 წელს მოსამართლე კობზევმა, ასევე 2008 წელს გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინების გამო, პატიმრობა მიუსაჯა სოჭის კიდევ ერთ მცხოვრებს - ელენე ხარებავას.
სქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნაცნობებთან გაგზავნილი შეტყობინებები გამონაკლისი არ არის. შარშან პავლოვი იცავდა ქალბატონს, რომელმაც უკრაინაში ნაცნობს მისწერა, რომ სოჭიდან დონეცკში აგზავნიდნენ რუსეთში დისლოცირებული ერთერთი სამხედრო ნაწილის დანაყოფს - ის ქალბატონი ახლაც სასჯელს იხდის.