
თბილისში ვაგზლის მოედანსა და გოგოლის ქუჩას შორის, დღისა და ღამის ნებისმიერ დროს სხეულით მოვაჭრე „ქალბატონები“ „დამაკიაჟებული“ მზერითა და „სექსუალური“ ჩაცმულობით, გამვლელების ყურადღების მიპყრობას ცდილობენ.
ახალგაზრდა, კარგად ჩასუქებული, დაახლოებით 20-სანტიმეტრიან ქუსლებზე შემხტარი და გულამოჭრილმაისურიანი „გოგონა“ მომსახურებაში 40 ლარს ითხოვს.
სასტუმროც იქვეა და ხუთი ლარი ღირს. „გოგონა“ საკუთარ თავს რეკლამასაც უწევს: „1982-იანი ვარ. ბებერი კი არა“. მთელი ღამის მომსახურებაში - 100 ლარი უნდა. სასტუმროს თავად კისრულობს.
თეთრ ტყავის ჩექმებში, ვარდისფერ ქურთუკსა და შორტებში გამოწყობილი გოგონა „კოლეგას“ კონკურენციას უწევს: „40 ლარი კი არა, ეგ 10 ლარიც არ ღირს... იმას შეხედე და მერე მე... ფუი, რას გავს (მეგრული აქცენტით)...“ - ამბობს და „იმისკენ“ ზიზღით იყურება.
ხანმორეული ქალბატონი კი ერთსაათიან მომსახურებაში თავიდან 50 ლარს ითხოვს, რამდენიმე წუთის შემდეგ კი 10 ლარზეც თანახმაა.
გოგოლის ქუჩის მცხოვრებლები წლებია, მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ, მერიაშიც შეიტანეს განცხადება არაერთხელ, ქუჩაც გადაკეტეს, თუმცა ამაოდ...
„უკვე გაუსაძლისია აქ ცხოვრება. ოთხი შვილიშვილი მყავს, გოგონები, მათი გარეთ გაშვების მეშინია. სკოლაში ვაცილებ და მოსვლისას გარეთ ველოდები. კაცები მოგვდევენ - აქაური მცხოვრებლებიც იმნაირები ჰგონიათ. დაგადებენ ხელს და გეკითხებიან: რამდენი გინდაო?
ჩემი სახლის წინ ნაგავი ვეღარ გამიტანია, რომ ვინმემ რამე არ მითხრას. ჩემი ფანჯრები პირდაპირ გადაჰყურებს ამ ქუჩას, არც დღე მძინავს და არც ღამე. პატრული დღისით არ არის, საღამოს მოდის. თუმცა მერე რა - ჩვენი ქუჩიდან მეორე ქუჩაზე გაყრის ხოლმე გოგოებს და რამდენიმე წუთში ისევ მოდიან...
პოლიციაშიც ბევრჯერ შევიტანე განცხადება, შს სამინისტროშიც, მერიაშიც, მაგრამ ვერავინ გვიშველა. ხომ შეიძლება რაღაც გამოსავალი მოიძებნოს?! ჩვენი საქმე არ არის, ვინ რითი ვაჭრობს და როგორ ცხოვრობს, მაგრამ ჩემს 14-15 წლის შვილიშვილებს რომ ესმით, როგორ ევაჭრებიან ქალებს მთვრალი მამაკაცები, ამის ატანა არ გინდა?! თუ ფანჯრიდან გადასძახე, აქედან წადითო, ისე გამოგლანძღავენ, სად დავიმალო, აღარ ვიცი...
ძალიან ბევრმა ადგილობრივმა ახალგაზრდამ ეს ვერ აიტანა და შეებრძოლა ამ ქალებს, მაგრამ დაიჭირეს. ქალაქში ბევრი ბორდელია, იქ წაიყვანონ ეს ქალები და დაფარულად "იმუშაონ"?! ვის მივმართოთ, არ ვიცი. ყველა მოქალაქის უფლება ხომ უნდა იყოს დაცული?! ჩვენც ვითხოვთ ჩვენი უფლებების დაცვას. ან ეს პატრული რისთვის დგას, ვის იცავს - ჩვენ თუ ამ ქალებს? რაც ხდება, ხედავენ, მაგრამ უძლურნი არიან - დაკავების უფლება არ გვაქვს, რამდენჯერმე წავიყვანეთ პოლიციაში, მაგრამ სასამართლომ გაათავისუფლაო.
ერთხელ, ჩემი რძალი შემოდიოდა ეზოში, ვიღაც ნასვამი კაცი გამოეკიდა. უკან მოდიოდა ჩემი ვაჟი და, ხომ წარმოგიდგენიათ, როგორი ჩხუბი მოხდებოდა... მეზობელს სახლის გაყიდვა უნდა, მაგრამ ყველა კლიენტი იწუნებს - აქ ცოლ-შვილს როგორ ვაცხოვრებთო... იცით, რაზე მტკივა გული?! პატარა გოგონები რომ დგანან და მათმა მშობლებმა არც იციან, სად არიან და რას აკეთებენ... სოფლებს ტოვებენ, თბილისში ვითომ სამუშაოს საძებნელად ჩამოდიან და ამ უბედურებაში ყოფენ თავს.
ისე იდგნენ ეს ქალები, ეზოში შემოსასვლელად ჩხუბი მიხდებოდა. ჩემი შვილი მღვდელია. მეშინოდა, ვინმეს შეურაცხყოფა არ მიეყენებინა, მაგრამ ახლა იციან, რომ ამ ეზოში ცხოვრობს და ერიდებიან,“ - აცხადებენ გოგოლის ქუჩის მცხოვრებნი.
kvirispalitra.ge