
2011 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცნობილი რუსი რეჟისორის ნიკიტა მიხალკოვის ქალიშვილის ქორწილზე, წინანდალში მივიდა. ეს ფაქტი სააკაშვილის კრიტიკოსებმა არაერთხელ გამოიყენეს, ხოლო ბოლოს რეჟისორმა ქეთი დოლიძემ და მსახიობმა გურანდა გაბუნიამ "რეაქციაში" გაიხსენეს.
კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ნიკიტა მიხალკოვისადმი უარყოფითი განწყობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილმა "მისი ქალიშვილის ქორწილში კარგად მოილხინა". თუმცა, თვითმხილველები, რომლებიც წინანდალში სტუმრებს შორის იყვნენ, სხვა რამეს ჰყვებიან. მაგალითად, მწერალი ლაშა ბუღაძე წერს, რომ მიხეილ სააკაშვილს ზოგიერთები შემოეხვივნენ, ზოგიერთებმა კი ზურგი შეაქციეს. მისივე თქმით, პრეზიდენტმა მოკლე სადღეგრძელო წარმოთქვა.
დეტალებს ლაშა ბუღაძე ასე იხსენებდა:
„უდიდესი სითბო გამოავლინეს ქორწილის რუსმა სტუმრებმა, – შემოეხვივნენ პრეზიდენტს, როგორც როკ–ვარსკვლავს და მასთან ფოტოებს იღებდნენ. ერთ–ერთმა სტუმარმა მკითხა კიდეც, ნამდვილი მიხეილ სააკაშვილი იყო თუ არა. ქართველ სტუმართა ნაწილი პრეზიდენტს არც ესალმებოდა, ზურგი შეაქციეს. საქართველო არის ისეთი ქვეყანა, სადაც პრეზიდენტს შეიძლება არ მიესალმო.
.... „ასეთ ეპიზოდსაც შევესწარი– ნიკიტა მიხალკოვმა თავისი ერთ–ერთი ფილმიდან ცნობილი რომანსი იმღერა. მთელი საქართველო აცეკვდა, ჩემს თავს შევატყვე, რომ ცქმუტვა დავიწყე. არ მიცეკვია, მაგრამ, აი, ხალხი... მთელი ეს დაფარული ენერგია წამოვიდა, რომელიც არ ეძლეოდა ქართველს, რომ გამოეშვა.
ქვეცნობიერი ამოდის ზედაპირზე საქართველოში, ამოაქვს დიდი ნოსტალგიური სიყვარული. ამ დროს უკან გამოვიხედე და დგას საქართველოს პრეზიდენტი სრულიად მარტო, კედელთან მიყრდნობილი და შემკრთალი ღიმილით უყურებს ამ ამბავს. ფიქრობდა, ალბათ, რას ვეწვალები, ნატო, ისა, ისა, არადა, აქ არის საქართველო, ესაა. ძალიან ნიშანდობლივი ეპიზოდები იყო, დიდი სიამოვნებით გადავიღებდი, კამერა რომ მქონოდა“.
ქორწილამდე რამდენიმე თვით ადრე მიხეილ სააკაშვილმა ნიკიტა მიხალკოვი, როგორც ვლადიმირ პუტინის აპოლოგეტი ხელოვანი, გააკრიტიკა და ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებული ერთი გახმაურებული ამბავი გაიხსენა:
„ამას წინათ წავიკითხე, მიხალკოვი ბაღაბშთან არის მისული და ეუბნება, ჩემი აგარაკი მომეცი უკან. ჩვენი ტერიტორიის მიწის წამღებ მიხალკოვს, რომელსაც ქართველი ხალხი ზოგადად ძალიან უყვარს, უნდა ჰკითხოთ, აფხაზეთი არის თუ არა საქართველო. თუ გეტყვით, რომ ასეა, გადაეხვიეთ და აკოცეთ, მაგრამ არ გეტყვით. ამიტომ თავს ნუ მოვიტყუებთ”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიმიდინარე წლის იანვარში ტელეკომპანია ПИК–ის ტელეხიდში მონაწილეობის დროს.
მომზადებულია "ნეტგაზეთში" გამოქვეყნებული წერილის მიხედვით