-
2013-12-11 15:38
,,დღეს რომ 26 მაისი იყოს, ყველაფერს გავაკეთებდი ზუსტად ისე, როგორც 2011 წლის 26 მაისს გავაკეთე, გავცემდი იგივე ბრძანებებს", - განაცახდა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ვანო მერაბიშვილმა პროკურორების აცილება მოითხოვა. მერაბიშვილის ადვოკატებმა აღნიშნული შუამდგომლობა იმ მოტივით დააყენეს, რომ მერაბიშვილისთვის ბრალი მთავარ პროკურორს უნდა წაეყენებინა, როგორც ყოფილი შს მინისტრისთვის, ან უნდა არსებობდეს მთავარი პროკურორის დელეგირებით პროცესზე გამოცხადებული პროკურორი.
თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, მისი თქმით ეს კანონი მხოლოდ მოქმედ მინისტრებზე ვრცელდება. ამის შემდეგ მერაბიშვილსა და მოსამართლე ხათუნა ხარჩილავას შორის პოლემიკა გაიმართა.
"ხელისუფლების მხრიდან თქვენ ცუდ მდგომარეობაში ხართ, ამ საქმეს გაეცნო კბილაშვილი, ნაცვლიშვილი და მწარიაშვილი, რომლებიც გამოიყენეს და შემდეგ მოისროლეს. ახლა ხელისუფლება თქვენს გამოყენებას შეეცდება და თქვენ შეგახოცავენ ხელს, ზეწოლას ვერ გაუძლებთ, თუმცა თქვენც კი ვერ გამოიტანთ გამამატყუნებელ განაჩენს, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს ამ საქმეზე მოწმე, რომელიც ჩემს დანაშაულს დაამტკიცებდა. დღეს რომ 26 მაისი იყოს, ყველაფერს გავაკეთებდი ზუსტად ისე, როგორც 2011 წლის 26 მაისს გავაკეთე, გავცემდი იგივე ბრძანებებს", - განაცახდა ვანო მერაბიშვილმა.
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ვანო მერაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცახდებაზე განაცხადა, რომ მოსამართლის მიმართ გაკეთებული კომენტარი მისი სუბიექტური აზრია, რომელიც უსაფუძვლოა.