-
2016-09-18 10:04
შაბათ საღამოს, ნიუ-იორკში, ჩელსის უბანში, მე-6 და მე-7 ავენიუს შორის მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, 26 ადამიანი დაშავდა, მათგან ერთი - მძიმედ. ქალაქის ხელმძღვანელობა და პოლიცია აცხადებს, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ნაგვის კონტეინერში ამოქმედდა.
ასევე პოლიციის ინფორმაციით, ნაპოვნია კიდევ ერთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ასევე მე-6 და მე-7 ავენიუს შორის, რომელიც არ ამოქმედდა. ამჟამად მოწყობილობა გაუვნებელყოფილია. ქალაქის მერი ბილ დე ბლაზიო აცხადებს, რომ აფეთქება წინასწარ იყო დაგეგმილი, თუმცა, ვერ ამბობს დაზუსტებით, არსებობს თუ არა რაიმე სახის საფრთხე ნიუ-იორკთან დაკავშირებით ან არის თუ არა კავშირში ეს აფეთქება ტერორიზმთან.
ამავე დროს, ნიუ-იორკის მერი აცხადებს, რომ ვერ აკავშირებს მომხდარს ნიუ-ჯერსის აფეთქებასთან, სადაც საქველმოქმედო გარბენის დროს ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. ნიუ-იორკის მეტროს პენსილვანიის სადგურსა და ჩემბერს-სტრიტის გაჩერებების მონაკვეთზე მიმოსვლა შეწყვეტილია. ნიუ-იორკის ადგილობრივი ხელისუფლება დახმარებას მოქალაქეებს სთხოვს და მათ მიმართავს, მცირე დეტალიც კი შეატყობინონ, რაც, შესაძლოა, მომხდარს უკავშირდებოდეს.
AFP (ფრანს პრესი) ფოტოები