
ვანო მერაბიშვილისა და გიგი უგულავას ყოველდღიური "საკნური" ცხოვრების დეტალებზე ექსკლუზიურ წყაროზე დაყრდნობით სტატიას გაზეთი "ქრონიკა+" აქვეყნებს. სტატიის ავტორი გიგი უგულავას დაკავებაზე ვანო მერაბიშვილის რეაქციას აღწერს და წერს, რომ საკანში მერაბიშვილი სათვალთვალო კამერების წინ დღეში სამჯერ აგინებს ბიძინა ივანიშვილს.
"...მერაბიშვილსა და ციხის უფროსის მოადგილეს შორის საკმაოდ დაძაბული საუბარი გამართულა. ამასობაში, სოცქსელებში ატეხილი ხმაურის გამო, გიგიც გამოუყვანიათ გლდანის ციხიდან და მატროსოვზე გადაუყვანიათ.
როცა ვანოსთვის გიგის შემოყვანის შესახებ გამხდარა ცნობილი, საკნიდანაც კი გამოსულა (წყარო ჰყვება, გაოგნებულმა ციხის უფროსმა და ბადრაგმა ხელი ვერ შეუშალეს, თუმცა, დერეფანში დაცვა გააძლიერესო), დერეფანში დარბოდა და ღრიალებდა: „გიგი! აქა ვარ, გიგი! ამათი დედაც, არ შეშინდე!“ - ეს სურათი დაახლოებით ნახევარ საათს გრძელდებოდაო, ამბობს წყარო.
ამის შემდეგ ვანო ისევ საკანში შებრუნებულა და ციხის უფროსის მოადგილისთვის უთქვამს - აჰა, ჩემი ბარათი და სანამ გიგის თავის ბარათს დაუმზადებენ, საკვები და სხვა რამეები ამ ბარათით იყიდოსო. ციხის უფროსს ქვა აუგდია და თავი შეუშვერია, ამას ვერ გავაკეთებ, არ შეიძლებაო. ვინ გადაწყვიტა, რომ არ შეიძლებაო - უკითხავს ვანოს. მე გადავწყვიტეო. ჰოდა, შენი დედაცო, უთქვამს ვანოს, გაუქანებია და უხევია მუშტი შიგ სახეში...
ნაცემი ციხის უფროსის მოადგილე საკნიდან სასწრაფოდ გაუყვანიათ, ვანო კი საკანში ჩაუკეტავთ. კიდევ ერთი საათის განმავლობაში იგინებოდა და ყვიროდაო, გვეუბნება წყარო მატროსოვის ციხიდან", - წერს გამოცემა.
მოკლედ, ამ ამბებს თუ დავუჯერებთ (არადა, წყარო ნამდვილად სანდოა), ვანო მერაბიშვილი მატროსოვში „ქურდად“ ზის და ციხის ადმინისტრაცია იძულებულია, მის ავტორიტეტს ანგარიში გაუწიოს.
ამას გარდა, ვანო მერაბიშვილის საკნური ცხოვრების კიდევ ერთი დეტალია საინტერესო: თურმე ის დღეში სამჯერ, თითქმის ერთსა და იმავე დროს სათვალთვალო კამერის წინ დგება, კამერას უყურებს და ამბობს: „ივანიშვილო, კარგად იცოდე, ერთ დღეს მაინც დედას მო***ავ!“ - წყაროს თქმით, ვანო მერაბიშვილმა კარგად იცის, რომ მისი საკანში ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას ბიძინა ივანიშვილი დროდადრო გამოითხოვს და უყურებს ხოლმე, რომ საკუთარი თვალით ნახოს, როგორ ცხოვრობს ვანო საკანში. რა თქმა უნდა, ვანოს ისიც ეცოდინება, რომ მისი გინება ივანიშვილს არ მიუვა და ამოჭრიან, მაგრამ როგორც იტყვიან, გულს იფხანს...", - აღნიშნულია სტატიაში, რომელიც გაზეთ "ქრონიკა+"-ში დაიბეჭდა.