
საქართველოს ყოფილი შს მინისტრი და მთავრობის მეთაური ვანო მერაბიშვილი შსს-ს მიერ 2013 წელს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების განხილვისასა ამბობდა, რომ ის არ შეესაბამება სინამდვილეს და 2014 წელს კრიმინალის მკვეთრი მატება იყო მოსალოდნელი.
"აფხაზეთის ხმა" გთავაზობთ ფრაგმენტს ვანო მერაბიშვილის გამოსვლიდან 2013 წლის ნოემბერში გამართულ სასამართლო პროცესზე, სადაც ის სწორედ სტატისტიკის შესახებ საუბრობს:
"... აქვე მინდა გამოვეხმაურო შინაგან საქმეთა სამინისტროს უკანასკნელ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც 2013 წლის პირველ 10 თვეში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 59% იყო, რაც მკვეთრად აღემატება წინა, 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვნებელს - 18.5%-ს. გარდა ამისა, სამინისტროს ცნობით ამავე პერიოდში 2013 წელს მოხდა დაახლოებით 24 000 დანაშაული, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2012 წელს 31 000 იყო.
მსგავსი სტატისტიკის გამოქვეყნება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი საზოგადოების იმ რეაქციაზე, რაც ციხეებიდან პატიმრების მასობრივ გათავისუფლებას და შესაბამისად კრიმინალის ზრდას მოჰყვა. ცნობისთვის დაახლობით 15 000 ადამიანი გათავისუფლდა საპატიმროებიდან.
შედეგად მივიღეთ ძალიან პარადოქსული სურათი - ციხეებიდან პატიმრების მასობრივმა გათავისუფლებამ დანაშაულის მაჩვენებელი კი არ გააუარესა, არამედ გააუმჯობესა კიდეც.
როგორ ავხსნათ ეს ანომალიური მოვლენა?
ვერსია 1 - აქამდე ციხეში მხოლოდ პატიოსანი ადამიანები ისხდნენ და როგორც კი ისინი „უკანონო“ პატიმრობიდან გათავისუფლდნენ, არა თუ უარი თქვეს თავად ჩაედინათ დანაშაული, არამედ სხვა გარეთ მყოფი კრიმინალებიც დაარწმუნეს თავი შეეკავებინათ ამისგან. ჩემი განათლება და გამოცდილება არ მაძლევს საშუალებას ვირწმუნო ამ ვერსიის სანდოობა.
ვერსია 2 - შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ფურცელზე მაინც გაეუმჯობესებინა სიტუაცია და ამით შეეცვალა საზოგადოებრივი აზრი.
შედეგად მივიღეთ ის, რომ შემცირდა დანაშაულის რეგისტრაცია (და არა ჩადენილი დანაშაული) და შესაბამისად გახსნის მაჩვენებელი მკვეთრად გაიზარდა.
საინტერესოა, რომელ ქვეყნებში ვაწყდებით დანაშაულის გახსნის ანალოგიურ მაჩვენებლებს. საილუსტრაციოდ გთავაზობთ იმ ქვეყნების ჯგუფს, რომელთაც მსგავსი მაჩვენებლები აქვთ:
I ჯგუფი
- უკრაინა (2011 წელი) – 57% - რუსეთის ფედერაცია (2012 წელი) – 54% - საქართველო (2003 წელი) – 76% - საქართველო (2013 წელი) – 59%.
საინტერესოა რომელ ჯგუფში იყო საქართველო 2012 წელს გახსნის „დაბალი“ მაჩვენებლით:
II ჯგუფი
- აშშ (2012 წელი) – 22,3% - ჩეხეთი (2009 წელი) – 38% - შვედეთი (2010 წელი) – 31% - ნორვეგია (2010 წელი) – 29% - საქართველო (2012 წელი) – 18.5%.
სულაც არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა შევარდნაძე-თარგამაძის სტატისტიკას დაემსგავსა. დღეს ამ უწყებას სწორედ იმ ეპოქის საყრდენი მილიციელები - ტაბატაძე, ბედია და სხვები მართავენ", - აცხადებდა ვანო მერაბიშვილი.