-
2014-09-16 12:27
„ალიასთან“ საუბარში ექსპერტი მამუკა არეშიძე არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ქვეყანაში კონსტიტუციური გადატრიალება მოხდეს, თუმცა, მიიჩნევს, რომ მარგველაშვილმა ან ივანიშვილთან და ღარიბაშვილთან უნდა გაარკვიოს ურთიერთობები, ან თანამდებობიდან გადადგეს.
არეშიძე ინტერვიუში ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ კრიზისულ სიტუაციებში ჩნდება ასპარეზზე და ახლაც ასე მოხდა.
„მან დაინახა, რომ ვითარება ჩიხშია შესული. თუ არ ვცდები, რიგით მესამე გამოსვლაა ასეთ კონტექსტში“, - ამბობს ის.
მამუკა არეშიძე ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს იმ ნაწილსაც ეხმიანება, სადაც ის ამბობს, რომ მას უსმენენ.
"ივანიშვილს უსმენენ ახლაც და უსმენდნენ მაშინაც, როცა ის პრემიერი იყო. უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა კი მისი გუნდის კრეატურაა. ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ძალოვან სტრუქტურებში არა მხოლოდ შსსში, არამედ პროკურატურაში, თავდაცვის სამინისტროში, დარჩენილია მე-5 კოლონა, რომელიც სხვის პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობს და ეს სხვა, რასაკვირველია, არის "ნაციონალური მოძრაობა". სამწუხაროდ, ამ მე-5 კოლონას ვერაფერი მოუხერხეს. ამიტომ სულ არ მიკვირს, რომ ივანიშვილს უსმენენ. ერთი ფაქტი ვიცი ზუსტად, ვიცი, როგორ მოუსმინეს ახალციხის ერთი კონკრეტული ფაქტის გამო ბიძინა ივანიშვილს, სხვათა შორის, ეს მოხდა აგვისტოში.“
„არ არის მარგველაშვილი ის კაცი, ვინც გადატრიალების მომწყობია. შეიძლება გუნდის შიგნით შექმნას დისკომფორტი, მაგრამ ქვეყანას რომ დისკომფორტი შეუქმნას, ამაზე წამსვლელი არ არის. მე ასეთად არ ვიცნობ. მე სულ ვფიქრობდი, რაღაცნაირად მოხდებოდა მოლაპარაკება, ძალიან დიდი სირცხვილია, რაც ახლა საქართველოში ხდება. საზოგადოებამ, ბოლოს და ბოლოს, ვერ გაარკვია, ვინ არის ქვეყნის ხელმძღვანელი.
შეიძლება მოხდეს კონსტიტუციური გადატრიალება, იმპიჩმენტის გამოცხადებაც, ყველაფერიც შეიძლება. გიორგი მარგველაშვილის ადგილას რომ ვიყო, ყველაფერს გავაკეთებდი, რომ ირაკლი ღარიბაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან დამელაგებინა ურთიერთობები ყოველგვარი გასაჯაროებისა და ტრიბუნის გარეშე. სხვანაირად ქვეყანას მათი დაპირისპირება არ წაადგება. თუ ვერ მოხდა ურთიერთობების დარეგულირება, მაშინ მარგველაშვილი უნდა გადადგეს პრეზიდნტობიდან და უნდა წავიდეს, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ“, - აცხადებს მამუკა არეშიძე.