-
2014-09-15 09:33
რუსთავი–2 ზე მეტად ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - გინდაც "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2",– აცხადებს ბიძინა ივანიშვილი ,,კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.
"რუსთავი 2" არ მალავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" აგიტაციას ეწევა და რამდენჯერმე ვთქვი და კიდევ ერთხელ დავასახელებ - მათი ("ნაცმოძრაობის") ლიდერი არის "რუსთავი 2"-ის მეპატრონე და ამის გაქარწყლებას უკვე არავინ ცდილობს. "რუსთავი 2"-ს ეს უფლება აქვს, კანონებს თუ არ არღვევს. ჩემთვის სხვა მედიასაშუალებები უფრო მძიმეა, ვიდრე "რუსთავი 2", რადგან ჩვენ ვიცით "რუსთავი 2"-ის უკან ვინ დგას, ვინ აფინანსებს, ვინ არის მისი მეპატრონე და ვის აგიტაციას ეწევა.
"რუსთავი 2"-ის ნებისმიერი გადაცემა პირდაპირ მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ - რომ იწვის და იბუგება ყველაფერი და მთავრდება საქართველო. მაგრამ ვიმეორებ - ჩემთვის დღეს უფრო მძიმეა სხვა ტელევიზიები - გინდაც "პირველი არხი", "მაესტრო" თუ "იმედი", რადგან ნებსით თუ უნებლიედ, შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრაქტიკულად იმეორებენ და აჟიტირებას უკეთებენ იმ თემებს, რასაც წამოსწევს "რუსთავი 2". რა არის ამის მიზეზი? პროფესიონალიზმი? დამოკიდებულება? შეიძლება ასეც იყოს... სამი ტელევიზია დავასახელე და საუბედუროდ, არ ჩანს, რომ მათ ჰქონდეთ დამოუკიდებელი ხელწერა, ჩაატარონ სერიოზული კვლევა, ანალიზი და არ იმეორონ ის, რაც აიწევა "რუსთავი 2-დან".
ეს მძიმე თემაა საზოგადოებისთვისაც, რადგან ამ სამ ტელევიზიას, "რუსთავი 2"-სგან განსხვავებით, საზოგადოება აღიქვამს, რომ ისინი არიან ობიექტურნი და თავისუფალნი. მაგრამ ძალიან ხშირად ისინი იმეორებენ იმავეს, რასაც "რუსთავი 2" გადამოწმებისა და არგუმენტების გარეშე გაავრცელებს და ეს იწვევს საზოგადოების დაბნევას", - განმარტავს ყოფილი პრემიერ-მინისტრი.
როგორც ივანიშვილმა განაცხადა "ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ, როგორ გახდეს მედია უკეთესი“.