ზღულაძე - უგულავას: "შეგრძნება მქონდა, რომ ეს დრო შენი პატიმარია და არა პირიქით"

Image

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, უკრაინაში და საქართველოში პოლიციის რეფორმის შემოქმედად მიჩნეული ეკა ზღულაძე "ფეისბუქის" მეშვეობით გიგი უგულავას წერილს უგზავნის. "აფხაზეთის ხმა" ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

 

"გიგი, გამიხარდა შენი ნახვა, თუნდაც შორიდან. გამიხარდა, რომ კარგად ხარ. გამიხარდა, რომ თავისუფლების აღკვეთამ ვერ დაგატყვევა. გამიხარდა შენი სიმშვიდე, წონასწორობა, ბუნებრიობა, შინაგანი ძალა. გამიხარდა შენი პირადი, ძალიან სათუთი სიხარული და ტკივილი. ტკივილიც გამიხარდა, უფრო სწორად, ის, თუ როგორ ატარე ეს ტკივილი, ეს ხომ ხშირად განსაზღვრავს ადამიანს.

 

გილოცავ, გიგი, გამარჯვებას. გილოცავ, რომ არ გაბოროტდი. გილოცავ, რომ არ დაახურდავე სამშობლო წვრილ-წვრილ შურისძიებებზე. გილოცავ, რომ ეს მძიმე, მაგრამ ძვირფასი დრო არ გაგექცა. გიყურებდი, გისმენდი და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეს დრო შენი პატიმარია და არა პირიქით.

 

ვამაყობ ახალი თაობის ქართველი პოლიტიკოსით, რომელიც დგას მყარად, ძლიერია მარტოც და სხვის გვერდითაც. ეს მაიმედებს, რომ შემდეგი პოლიტიკური გუნდი, რომელიც ჩაანაცვლებს დღევანდელს, არ იქნება “პატარა” და “უმწეო” და დასრულდება ცუდი კავკასიური ვენდეტისა და ცუდი საბჭოთა პოპულიზმის სახელმწიფო მოღვაწეობად გასაღების ძალიან ცუდი ქართული ტრადიცია.

 

ბოლოს რომ გნახე, მშვიდი იყავი, მაგრამ ფიქრობდი და ეს ფიქრი არ იყო ნაფიქრი. ეხლა - იყო. მომინდა მეტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფიქრი არ გაგექცევა. მანამდე ყველამ უნდა ვიფიქროთ.

 

ჩვენ მეგობრები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ ორი რამე მომწონდა შენში: შეშინებული არ მინახიხარ, არასდროს. ბევრი მინახავს, დღეს პოლიტიკის სხვადასხვა კუთხეში მიყუჟულები, შენ - არ, და კიდევ ერთი, რაც სულ მახსოვს… შენც იცი, მეც ვიცი, რომ ყველაფერი ყოველთვის კარგად არ იყო; კარგად არ იყო დაგეგმილი ან ცუდად იყო განხორციელებული ან სულაც, თავიდანვე არ იყო სწორი. მაგრამ მე მახსოვხარ შენ, ხშირად ერთადერთი, რომელიც უმძიმეს შეხვედრებზე იცავდა სხვას, არასოდეს არ ეძებდა “დამნაშავეს” და არ ჩუმდებოდა, როცა თვლიდა, რომ მართალი იყო, განსაკუთრებით, თუ ეს მართალი იყო - სხვა.

 

ეს მნიშვნელოვანი თვისებებია, მაგრამ არასაკმარისი. ამ ჯერზე სხვა თვისებები მომხვდა თვალში - თავმდაბლობა სიმტკიცისას, პრინციპულობა თვითკმაყოფილების გარეშე, ობიექტურობა თვითგვემის გარეშე და მთავარი: წარსულის მომავლის აგურებად დაშლა. მომავალზე ფიქრი, თავისუფალი ფიქრი… მე არ ვარ ციხეში, მაგრამ თავისუფალი ფიქრი ყოველთვის არ გამომდის.

 

მესიამოვნა, რომ წარსულზე ნაფიქრი გაქვს. მეც ავწონე, უკრაინაში. სიჯიუტე და პატივმოყვარეობა იყო იმის დაჩემება, რომ რეფორმების ჩვენეული ხედვა იყო ერთადერთი და სწორი. გავიზარდეთ და ცხოვრებამ (შენ - შენმა, მე - ჩემმა) გვაჩვენა, რომ ეს პროცესი ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, რომ სინამდვილეში პრობლემების გადაჭრის მრავალნაირი გზა არსებობს.

 

ყოველთვის მართალი არავინ არ არის. მაგრამ ის, რაც გვქონდა და არასოდეს არ უნდა დავკარგოთ, არის რეფორმების აბსოლუტური, დაუოკებული სურვილი და ნება. ზუსტად ეს არის, რაც ოლიგარქებს და მათ “სათამაშოებს” ყველგან და კონკრეტულად საქართველოშიც, არ და ვერ ექნებათ.

 

რამდენიმე დღეში საქართველოს მთავრობა გაშიშვლდა და დაგვანახა “საბჭოურობის” და “პოსტ-საბჭოურობის” მთელი არსი. თვისუფალი კაცის (შენნაირის) პრივილეგიაა მოიქცეს ისე (როგორც შენ მოიქეცი), რომ წარმოაჩინოს ნამდვილი სახე იმ თავისუფლებაშეზღუდული ადამიანებისა, რომლებიც მას აპატიმრებენ. ამ დროს სისტემა თავმოჭრილი ქათამივით ფართხალებს, რათა გადამალოს გონიერი და ნათელი პიროვნებები. ასეთი მძაფრი განცდა მქონდა, საოცარი მოწიწება, სენცოვის სიტყვების და ვაჟკაცობის წინაშე მისი “მსაჯულების” მიმართ.

 

საქართველო რუსეთი არ არის (ჯერ!) და შენი მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც მისი. შენ მალე თავისუფალი იქნები, ივანიშვილი წავა. ჩვენი ერის გენშია თავისუფლების წყურვილი და გარდაუვალია, ის ჩაანაცვლებს ცუდ “ოცნებას”. მაგრამ! ჩემთვის მთავარი კითხვა ყოველთვის იყო: და რა ხდება მერე? როგორ ვიქცევით, როგორც ერი, ქვეყანა? მე მგონი, შენ ერთ დღეში გვაჩვენე გამოსავალი.

 

როგორც შენ თქვი, ბევრი ჩვენგანი, რომელიც თანხმდება აწმყოსა და მომავალზე, ვერასოდეს შეთანხმდება წარსულზე. მოდი, ვისაუბროთ წარსულზე, მოდი, გამოვიტანოთ დასკვნები, მაგრამ მოდი, წარსული - შორეული თუ ახლო, ნურასოდეს შეუშლის ხელს საერთო მომავალს. კარგია, რომ ივანიშვილმა და “ამალამ” შეგვახსენა, რა არ უნდა მოხდეს. რევანში… ისტერიული მმართველობა, ერთი კაცის ზეობა კანონზე, “განტევების ვაცების” ძიება, ღარიბთა “კვება” სიძულვილით, ინტრიგებით, ქსენოფობიით დ შეუწყნარებლობით ნაცვლად პურისა და შესაძლებლობებისა.

 

ეს ბნელი გზაა. ამ გზით მიგიყვანეს ციხეში და საქართველო კი - უამრავ პრობლემამდე. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი გზა. არის უკეთესი გზები. მაგალითად გზა, რომელიც შენ აირჩიე და გაიარე ძალიან გრძელი 24 საათის განმავლობაში და გაიარე კარგად! მადლობა ამისთვის და იყავი ფრთხილად, რადგან შენმა განწყობამ შეაშინა ისინი და სუსტი კაცები განსაკუთრებით საფრთხილო არიან, როცა ეშიანიათ. ჩვენ ყველას ჩვენი საქმე გვაქვს. შენი საქმეა ეხლა კარგად ყოფნა და იმ ფიქრის ფიქრის გაგრძელება, რომელმაც გაგხადა ასეთი თავისუფალი. პატივისცემით, ეკა", - ნათქვამია წერილში.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !