
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე გამორიცხავს, რომ ტელეკომპანიების გადაცემების დახურვაში ხელისუფლებაა ჩარეული და მაგალითად ივანიშვილის მიერ მე-9 არხის დახურვა მოჰყავს.
„შევახსენებ ყველას, რომ ბიძინა ივანიშვილმა დახურა საკუთარი ტელეკომპანია, რათა საზოგადოებას არ ჰქონოდა იმის აღქმა, რომ ის გარკვეულწილად მედიის თავისუფლების საკითხებში ერევა", - განაცხადა მან.
პოლიტიკური თოქშოუების დახურვაში ხელისუფლების დადანაშაულებას ჩაფიძე მიზანმიმართულ კამპანიას უწოდებს:
"გაიშვირეს ხელი ხელისუფლების მისამართით, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი კამპანიაა, რომელიც მასში ჩართულ მხარეებს დადებითს არაფერს მოუტანს. კონკრეტული თოქ-შოუების დახურვაში ხელისუფლების მონაწილეობას გამოვრიცხავ, თუკი ასეთი ფაქტები არსებობს, მოგვმართონ პარლამენტის შესაბამის კომიტეტში და ჩვენ მზად ვართ, აღნიშნული ფაქტები გამოვიკვლიოთ და შეფასება მივცეთ, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით მე ასეთ საფრთხეს და საშიშროებას ვერ ვხედავ. მედიის თავისუფლება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარია", - აცხადებს პარლამენტარი.