
ბიზნესმენი ლევან ვასაძე წერს, რომ თბილისში 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგებზე ბევრი ისაუბრეს, თუმცა, "ვერავინ ვერ აიღო თავის თავზე მეწყერის აშკარა ტექნიკური მიზეზის დასახელების გამბედაობა", ხოლო "სტიქიის ზებუნებრივ მიზეზებზე კი საერო საზოგადოებაში საერთოდ ყველა დუმს".
ლევან ვასაძის წერილი "24 საათში" გამოქვეყნდა სათაურით: "წარღვნა, როგორც ასეთი". ლევან ვასაძე წერს, რომ ღმერთი ასრულებს ნოესთვის მიცემულ აღტქმას იმის თაობაზე, რომ მთელ კაცობრიობას წარღვნით არ დასჯის, მაგრამ ხანდახან მისი მრისხანება, ვასაძის აზრით, "რაიმე ადგილას ასეთიც არის":
"ღმერთი აღთქმას კი იცავს, მთელ კაცობრიობას წარღვნით არ ღუპავს, მაგრამ ხანდახან მისი რისხვა რაიმე ადგილას ასეთიც არის. მისგან დაშორებულ ადამიანთა საზოგადოებაში ვინც ამაზე ბედავს საუბარს, ის უმალვე დაცინვისა და რელიგიურ ფანატიზმში ბრალდების ობიექტი ხდება. ასე იქნება სამწუხაროდ ამ წერილის გამოქვეყნების შემდეგაც. თანამედროვე ადამიანების ნაწილს სასაცილოდ მიაჩნია კრიზისსა და მის გამომწვევ საზოგადოებრივ საქციელს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გააზრების მცდელობაც კი", - წერს ლევან ვასაძე.
ამავე დროს, ბიზნესმენი სტიქიის დროს დამის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულ ზომებზეც წერს და აღნიშნავს, რომ ისინი მუხლჩაუხრელად შრომობენ, მაგრამ მის თხოვნას წყნეთი-სამადლოს გზის დაგებაზე არავინ ითვალისწინებს:
"გული მიკვდება ჩვენი ახალგაზრდა მთავრობის მუხლჩაუყრელი, ალალი შრომის შემხედვარე. თან მიხარია მათი სინდისიერი საქციელის ცქერისას და თან სიმწრით ვარ სავსე მათვე შეუვალობაზე და შეუსმენლობაზე", - წერს ბიზნესმენი, რომელიც მიიჩნევს, რომ სათანადოდ მხოლოდ "პრემიერის სახელისუფლებო შტო" საქმიანობს, ხოლო დანარჩენი სახელისუფლო შტოები, რომლებიც, ოფიციალურად და არაოფიციალურად დაყოფილი, ვასაძის აზრით, ხუთია, ქვეყნისთვის საზიანოდ მოქმედებს:
"...ვინ არის დამნაშავე? რა თქმა უნდა, არავინ! ცხრა წელი ნაცებისა და სამი წელი ქოცების ხელში ამისათვის ქვეყანას არ ეცალა. და საქმე იქნებ არც იმაშია, რომ ამ ჩვენი ღარიბი, გაუბედურებული სახელმწიფოს ბიუჯეტსა და აზროვნებაში მხოლოდ კრიზისებზე რეაქციის რესურსები თუ მოინახება ასე თუ ისე. ვის სცალია, ბატონო, პროაქტიული და პროფილაქტიკული აზროვნებისა და მოქმედებისათვის, ჩვენ ხომ მხოლოდ „დალატკვა” და მკვდრების დატირება შეგვიძლია, სანამ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე ვიხარჯებით.
და მე ნამდვილად ვერ დავადანაშაულებ ჩვენს ახალგაზრდა, მონდომებულ პრემიერსა და მის გუნდს ქვეყანაზე არ ზრუნვაში, ზემოთთქმულის მიუხედავად. ისინი, უფრო სწორად მათი დიდი ნაწილი, ერთადერთი სახელისუფლებო შტო არიან, რომლებიც ალალად ცდილობენ მაინც ქვეყანაზე იზრუნონ.
აი დანარჩენი სახელისუფლებო 5-ვე შტო კი (ორი ოფიციალური – სასამართლო და პარლამენტი და სამი არაოფიციალური – ტელევიზიები, არასამთავრობოები და ზოგიერთი უცხოური საელჩო) მხოლოდ ხელს უშლიან ჩვენს მთავრობას ქვეყნის ნამდვილი პრობლემების გადაწყვეტაში".
"ტრაგედიის მეორე დღეს ვუცქერდი ამაზრზენ ტელე „იმედზე” გადაბრუნებულ ურემთან მოსაუბრეებს, ტრაგედიის ადგილიდან რეპორტიორი ირჯებოდა, რომელიც არც კაცს გავდა და არც ქალს. სტუდიაში ტლიკინით სახელგანთქმული მსუბუქი აზროვნების მძიმე ქალები წუხდნენ. ეს ის ურემთან მოსაუბრეები არიან, რომლებსაც ჩვეულებრივ დროს არ სცალიათ ქვეყნის მეურნეობასა და მის ნამდვილ პრობლემებზე საუბრისათვის, რადგანაც სამშობლოზე მშვიდი ზრუნვა არ არის სკანდალური ყროყინისათვის კარგი ნიადაგი", - აღნიშნულია წერილში.