რა აღიარეს რუსმა გენერლებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომზე (ვიდეო)

Image

რადიო "აფხაზეთის ხმის" ვებ-გვერდი გთავაზობთ ანდრეი ილარიონოვის ანალიტიკურ ბლოგს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება. თარგმნა მარინა თოფურიძემ. მასალას თან ერთვის ფილმი „ომის დაკარგული დღე“.

 

აღიარებების მთელი რიგი აგრესიის მომზადებასა და განხორციელებაზე რუსმა გენერლებმა გულდასმით ჩამოაყალიბეს ფილმში „ომის დაკარგული დღე“.

 

გენერლების აღიარებებს შორის მათი ორი ძირითადი ჯგუფი უნდა გამოვყოთ: - აგრესიის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული აღიარებები და - აგრესიის გეგმის ფაქტობრივ განხორციელებასთან დაკავშირებული აღიარებები.

 

აღიარებები აგრესიის გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებით (დასახელებულ ფილმზე დაყრდნობით მითითებულია ქრონომეტრაჟი)

 

1. აგრესიის განხორციელებამდე დიდი ხნით ადრე ი. ბალუევსკის (გენშტაბის უფროსი 2004-08 წწ-ში) ხელმძღვანელობით გენერალური შტაბის მიერ შემუშავდა საქართველოზე თავდასხმის გეგმა, თავად ბალუევსკის ტერმინოლოგიით - „აგრესიის მოგერიების სისტემა“, „ადეკვატური ზომები...“ (5:40-5:50), აგრეთვე, „შემუშავებული მექანიზმი“ (14:15), შემდგომში - „აგრესიის გეგმა“ ან მოკლედ - „გეგმა“.

 

2. საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გეგმის პოლიტიკური თანაავტორი და პირი, რომელმაც ეს გეგმა დაამტკიცა, იყო ვ. პუტინი, რომელსაც იმ წლებში რუსეთის პრეზიდენტის პოსტი ეკავა.

 

ი. ბალუევსკის თქმით, პუტინი „არკვევდა დეტალებს, პირადად მონაწილეობდა, მხოლოდ კითხვების დასმითა და მოხსენებების მოსმენით კი არ იფარგლებოდა, არამედ, სვამდა ამოცანებს, ზოგჯერ, პრაქტიკულად, ყოველკვირეულად“ (5:50-6:15).

 

„გადაწყვეტილება რუსეთის შეიარაღებული ძალების შესაძლო გამოყენების შესახებ“ ჯერ კიდევ პუტინის მიერ იყო მიღებული (13:10-13:20).

 

„დოკუმენტს „ადეკვატური ზომები“... პუტინმა წააწერა „თანახმა ვარ“ (31:50-32:50). აგრესიის გეგმა ასევე დაამტკიცა (ხელახლა დაამტკიცა) დ. მედვედევმა. ბალუევსკის თქმით, მედვედევისთვის „საკმარისი იყო ერთი სიტყვა: „იმოქმედე ჩემს მიერ დამტკიცებული გეგმით“(25:10-25:25).

 

3. გეგმის რეალიზაციის ფარგლებში „შეიქმნა“ აგრესიის „მატერიალური ბაზა“(6:15) (რომელიც, როგორც ჩანს, შეიცავდა რუსეთის სამხედრო სპეციალისტების მივლინებას ცხინვალში, სამხრეთ ოსეთის ბოევიკების მომზადებას, სამხრეთ ოსეთის გაჯერებას იარაღითა და საბრძოლო მასალებით, საქართველოს ტერიტორიის სამხრეთოსურ ნაწილში სამხედრო ბაზების მშენებლობას, „სამხედრო ქვედანაყოფები განლაგდა როკის გვირაბის სიახლოვეს“ (6:20), იქ „დიდი შრომა ჩაიდო, ჯარი იყო სრულ მზადყოფნაში დასმული ამოცანის შესასრულებლად“ (6:50-7:10, 7:20);

 

„2008 წლამდე გაწეული დიდი შრომა, წინა დღეებში ჩატარებული სწავლებები, მთელი ძალისხმევა სამხედროებისა, რომლებიც ამ ოპერაციისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდნენ“ (14:00-14:15).

 

4. აგრესიის გეგმის განსახორციელებლად ჯარის „აბსოლუტური” მზადყოფნის ვადა 2007 წლისთვის დაინიშნა(7:10-7:20). ჯერ კიდევ 2008-09 წლებში გამოირკვა, რომ აგრესიის თავდაპირველი გეგმით, ჯარის მზადყოფნის ვადა იყო 2007 წლის 1 დეკემბერი.

 

5. აგრესიის გეგმა ითვალისწინებდა „ელვისებური ძლევამოსილი ომის“ განხორციელებას. 2008 წლის ზაფხულისთვის ცხადი გახდა, რომ ეს ომი„ცხრა მთას იქით აღარ იყო“. გარკვეულ დრომდე ბოლომდე არ იყო განსაზღვრული, საომარი მოქმედება რომელი მიმართულებით უნდა დაგვეწყო - აფხაზეთში თუ სამხრეთ ოსეთში. 2008 წლის ზაფხულში გენერალური შტაბის არჩევანი სამხრეთ ოსეთის სასარგებლოდ გადაწყდა.

 

ოპერაციის დაწყების ვადა „ივლისიდან სექტემბრამდე განისაზღვრა“. ოპერაციის დაწყების ვადის განსაზღვრაში საკვანძო როლს„პეკინის ოლიმპიადა“ ასრულებდა (8:00-9:25, 21:45-21:50).

 

6. გეგმის განხორციელების ბრძანება დალუქული იყო პაკეტებში, რომლებიც იმ ნაწილებისა და შენაერთების „ოპერატიულ მორიგეებს ეწყოთ მაგიდებზე“, რომლებსაც აგრესიაში მონაწილეობა უნდა მიეღოთ (6:25). პაკეტები უნდა გაეხსნათ სიგნალის - „ომი!“ მიღებისთანავე.

 

7. გეგმის მიხედვით, ბრძანების გაცემის სიგნალი საქართველოს მხრიდან პირველი გასროლილი ჭურვი, ბომბი ან სროლა უნდა გამხდარიყო: „აგრესიის მოგერიების პუტინის მიერ დამტკიცებული სისტემის შესაბამისად, ჭურვის ან ბომბის პირველივე გასროლისთანავე უნდა გაგვეცა იარაღის გამოყენების ბრძანება, ჯარის გამოყენების თვალსაზრისით“(13:20-13:35).

 

8. გენშტაბის მიერ მომზადებული და პუტინის მიერ დამტკიცებული გეგმა საქართველოსათვის „გადამწყვეტი პრევენციული დარტყმის“ მიყენებას გულისხმობდა(13:35-13:50, 23:35-25:05). ვ. ბოლდირევმა (სახმელეთო ჯარის ყოფილი მეთაური) და ი. ბალუევსკიმ გულახდილი სინანული გამოთქვეს, რომ ვერ მოხერხდა „პრევენციული დარტყმის“ თავდაპირველი გეგმის განხორციელება (13:50-14:05).

 

9. პუტინის მიერ დამტკიცებული გეგმის მიხედვით, მისი განხორციელება ავიაციის გამოყენებით უნდა დაწყებულიყო. სიგნალის მიღებიდან 1-1,5 საათის მანძილზე რუსეთის საჰაერო ძალებს უნდა დაებომბათ „წინასწარ განსაზღვრული ობიექტები“ საქართველოს ტერიტორიაზე: „ჩვენს „ადეკვატურ ზომებში“ საწყის ფაზაში... შედიოდა საავიაციო საშუალებების გამოყენება... საათი-საათნახევრის განმავლობაში აეროდრომების, დისლოკაციის პუნქტების, საარტილერიო პოზიციების, გადაადგილების მარშრუტების, ხიდების მიმართულებით. ამ დოკუმენტს პუტინმა წააწერა - „თანახმა ვარ“ (31:50-33:40).

 

10. გეგმის თანახმად, ბრძანების მიღებიდან 6 საათში რუსეთის ჯარი ცხინვალში უნდა ყოფილიყო (6:35-6:45, 18:55-19:15).

 

აღიარებები აგრესიის გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით

 

1. მიუხედავად იმისა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე განკარგულების გასაცემ სიგნალად ქართული ქვედანაყოფების მხრიდან სამხრეთ ოსეთის ბოევიკთა პოზიციების მიმართულებით პირველივე გასროლა უნდა გამხდარიყო, ამ ბრძანების გაცემა არ მოჰყოლია 2008 წლის 14 ივნისის (9:25-9:50) და 1, 2, 4, 5და 6 აგვისტოს (9:50-10:10) ორმხრივ სროლებს.

 

გეგმით გათვალისწინებული განკარგულების არგაცემის მიზეზი, ცხადია, იყო ის, რომ ამ დროისათვის რუსეთის ყველა სამხედრო ნაწილს, რომლებსაც აგრესიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა, მათთვის განკუთვნილი საწყისი პოზიციები ჯერ არ ჰქონდათ დაკავებული.

 

გეგმით გათვალისწინებულ საწყის პოზიციებზე სამხედრო ნაწილების წამოწევამ და 6-დან 7 აგვისტოს ღამით 58-ე არმიის ორი საბატალიონო-ტაქტიკური ჯგუფის მიერ რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთამ და ჯავის ჩრდილოეთით, „სამხრეთ ოსეთის მთებში“დაბანაკებამ უზრუნველყო უკანასკნელი აუცილებელი საწყისი პირობების შესრულება სიგნალის - „ომი!“ გასაცემად.

 

2. დაძაბულობის ესკალაციის ყოველ ნაბიჯს, სრულმასშტაბიანი ომის გაშლისაკენ მიმართულს,შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური მ. კულახმეტოვი გულმოდგინედ აფიქსირებდა და რუსეთის ხელისუფლებას გადასცემდა(15:10-15:15, 23:55-24:10).

 

ასე, 7 აგვისტოს 14.00 და 15.00-ს შორის კულახმეტოვმა დააფიქსირა ქართველი ოფიცრების მიერ შერეული სამშვიდობო ძალების შტაბის დატოვებისა და ქართველი სამშვიდობოების წარმომადგენლის, ურუშაძის მხრიდან კონტაქტების შეწყვეტის ფაქტები (10:50-11:20).

 

ორი ქართველი მშვიდობისმყოფელი დაახლოებით ამ დროს დაიღუპა ოსი ბოევიკების მიერ დაწყებული სროლების შედეგად. იმის მაგივრად, რომ ეს ფაქტები გამოეყენებინათ მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ დასაწყებად საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც ამ დროს კარს მომდგარი ომის შესაჩერებლად ამაოდ ცდილობდა რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებას, კულახმეტოვიცა და რუსეთის ხელისუფლებაც ამ მცდელობების იგნორირებასა და სრულმასშტაბიანი აგრესიისათვის მომზადებას განაგრძობდნენ.

 

მეტიც, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალურმა წარმომადგენელმა იუ. პოპოვმა თავი აარიდა ცხინვალში მოსალაპარაკებლად ჩასულ მ. სააკაშვილის პირად წარმომადგენელ თემურ იაკობაშვილთან შეხვედრას და მისი გამოუცხადებლობა ავტომობილის „დაშვებულ საბურავს“ დააბრალა, კულახმეტოვმა კი განაცხადა, რომ „ოსები გამოვიდნენ მისი კონტროლიდან“.

 

19.00-ზე რუსეთის საგუშაგოებმა ქართული სამხედრო კოლონების მოძრაობა დააფიქსირეს, 21.00-ზე კი „უკვე აშკარად ჩანდა ასეულობით მანქანა“ (11:20-11:40). მთელი ამ დროის განმავლობაში რუსეთის პოლიტიკურ თუ სამხედრო ხელმძღვანელობას თავისუფლად შეეძლოთავიდან აეცილებინა ომი, მშვიდობიანი მოსახლეობისა და რუსი სამშვიდობოების დაღუპვა - საკმარისი იყო სააკაშვილის ზარებისთვის ეპასუხათ ან თბილისში თავად დაერეკათ.

 

მაგრამ მოვლენათა განვითარების ეს ვარიანტი მას (რუსეთის ხელმძღვანელობას) სწორედაც რომ არ აწყობდა. 7 აგვისტოს 14.00-დან „მოვლენათა მთავარ არსს რუსეთის ჯარის მოსალოდნელი ღია შემოსვლა წარმოადგენდა“ საქართველოს ტერიტორიის სამხრეთ ოსეთის ნაწილში (11:50-12:00).

 

„პირველივე წუთებიდან იყო მოსალოდნელი რუსეთის არმიის შემოჭრა“ საქართველოს ტერიტორიაზე (16:35-16:45). რუსეთის ხელისუფლება საბრძოლო მოქმედებების განხორციელებას გეგმავდა, და არა დიპლომატიური საშუალებებით მათ შეჩერებას.

 

3. რუსეთის არმიის ძირითადი ძალების მიერ ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დასაწყებად ბრძანების გაცემის მაუწყებელი სიგნალის - „ომი!“ გაცემა განახორციელა არა იმხანად რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა (მისი თქმით, მას ამ დროისათვის ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიღებული თავდაცვის მინისტრის რაპორტი), არც პრემიერ-მინისტრმა პუტინმა (მაშინ ის პეკინში იყო და რეალური დროის რეჟიმში კავკასიაში მოვლენათა მართვას ვერ შესძლებდა) (23:15-23:35, 26:10-27:30).

 

რუსეთის შეიარაღებულ ძალებს სიგნალი „ომი!“შერეული სამშვიდობო კონტინგენტის მეთაურმა მ. კულახმეტოვმა გადასცა. ეს სიგნალი კულახმეტოვმა გასცა არა უგვიანეს 7 აგვისტოს 23.50-ისა ცხინვალში, „შერეული სამშვიდობო ძალების შტაბის წინ პლაცზე ჩამწკრივებული“ რუსი ჟურნალისტების თანდასწრებით.

 

როგორც ჩანს, ომის დაწყების თაობაზე ეს საჯარო განცხადება კულახმეტოვმა მიზანმიმართულად გააკეთა, რათა კავშირის სხვა არხებთან ერთად ჟურნალისტური არხებიც გამოეყენებინარუსეთის ხელმძღვანელობისა და 58-ე არმიის სარდლობისათვის შეთანხმებული სიგნალის გადასაცემად, არმიისათვის, რომელიც ამ დროისათვის უკვე სრულად იყო მომზადებული საქართველოზე თავდასხმის განსახორციელებლად.

 

რამდენიმე წუთის შემდეგ - 00.00-ზე კულახმეტოვმა სიგნალი „ომი!“ 58-ე არმიის მეთაურს, გენერალ ა. ხრულოვს გადასცა.

 

4. სიგნალი იმ პაკეტების გახსნაზე, რომლებიც სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანებას შეიცავდა, ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის საბრძოლო მართვის ცენტს 7 აგვისტოს 23.58-ზე გადაეცა (18:55-19:10).

 

5. განკარგულება რუსეთის არმიისთვის სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების დაწყებაზე 8 აგვისტოს 00.03-ზე ხრულოვის მიერ იყო გაცემული და საბრძოლო მართვის ცენტრში გამოცხადებულიჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის მთავარსარდლის, ს. მაკაროვის მიერ დადასტურებული.

 

6. როგორც ჩანს, 7-დან 8 აგვისტოს ღამით ჯარისთვის ბრძანების გაცემაში უშუალოდ არც პუტინი და არც მედვედევი არ მონაწილეობდნენ, რამდენადმე მნიშვნელოვან ხასიათს არც მათი იმღამინდელი დავალებები და განკარგულებები ატარებდა.

 

მაგრამ სამხედროების მოქმედებები როგორც პუტინის, ისე მედვედევის მიერ წინასწარ დამტკიცებულ აგრესიის გეგმას ეყრდნობოდა. რუსი სამხედროების მიერ განხორციელებული სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები 7 აგვისტოს 23.58-ზე დაიწყო, ამის შესახებ მედვედევისა და პუტინის ინფორმირებამდე და იმ ღამით მათ მიერ გაცემული ყოველგვარი განკარგულებებისა და მითითებების გარეშე (26:10).

 

მედვედევის მონაწილეობა ჯარის მართვაში, როგორც ჩანს, მის მიერ 8 აგვისტოს დილის დაახლოებით 4 საათზე გაცემული საქართველოს წინააღმდეგ ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტების - „ისკანდერების“ გამოყენების ბრძანებით შემოიფარგლება. ჯარის უშუალო მართვაში პუტინი მხოლოდ 9 აგვისტოს საღამოს ჩაერთო.

 

7. კულახმეტოვის განცხადებითაც კი, პირველი რუსი მშვიდობისმყოფელები (კულახმეტოვის მიერ „გამყოფ ზოლზე“ გაგზავნილი БМП-ის ეკიპაჟი) მხოლოდ 8 აგვისტოს „დილის 5.50-ზე“ დაიღუპნენ (19:25-19:35).

 

სხვა სიტყვებით, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო მინიმუმ 6 საათით ადრე რუსი მშვიდობისმყოფელების დაღუპვამდე, ანუ მოვლენამდე, რომელსაც ოფიციალური პროპაგანდა რუსეთის ჯარის საქართველოში შეჭრის გამამართლებელ ლეგენდად იყენებდა.

 

8. აგრესიის გეგმის თანახმად, რუსული ჯარი ცხინვალში უნდა ყოფილიყო სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებაზე ბრძანების მიღებიდან 6 საათში (18:55-19:15), ანუ 8 აგვისტოს დილის 6 საათზე, კულახმეტოვის თქმით - ყოველ შემთხვევაში, არა უგვიანეს დილის 7-8 საათისა (39:35-39:50).

 

სინამდვილეში,„რუსეთის ჯარი ცხინვალში მხოლოდ 10 აგვისტოს დილაადრიან შევიდა“(39:25-39:40), ანუ გეგმით დამტკიცებულზე ორი დღე-ღამით გვიან. თავდაპირველი გეგმის განხორციელებაში ამგვარი ჩავარდნის ერთ-ერთი მიზეზი ქართული ჯარის მოქმედება გახლდათ, კერძოდ, ქართული არტილერიის მოქმედების მაღალი ეფექტურობა: „8 აგვისტოს ქართული არტილერია ბატონობდა“(31:10-31:15).

 

9. თავდაპირველი გეგმის განხორციელებაში ჩავარდნამ, ცხადია, სამხედრო ძალებისა და საბრძოლო საშუალებების გეგმით გათვალისწინებულზე გაცილებით მეტი რაოდენობის მოზიდვა მოითხოვა. როგორც ჩანს, სამხედროებმა მედვედევს ოპერაციაში ჩართული ჯარის მნიშვნელოვანი გაზრდა და განსახორციელებელ საბრძოლო ოპერაციათა მასშტაბების გაფართოება მოსთხოვეს (27:35-28:00, 28:50-29:40).

 

არ არის გამორიცხული, რომ გარკვეული დროის მანძილზე მედვედევი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებელ თავდაპირველ გეგმას მიჰყვებოდა - ძირითადად, მხოლოდ ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების ჩართულობით: ”ოლქის მთავარსარდალს ეუბნებიან: მთავარსარდალი შენ ხარ და გადაწყვეტილებებიც შენ მიიღეო“(34:00-35:50).

 

10. საქართველოს წინააღმდეგ დიდი ხნის მანძილზე და საგულდაგულოდ დაგეგმილი აგრესიის სრული ჩავარდნის საფრთხემ აიძულა პუტინი შეეცვალა თავისი თავდაპირველი ჩანაფიქრი - სამხედრო ოპერაციის მთელი დრო პეკინში გაეტარებინა - და 9 აგვისტოს საღამოს ვლადიკავკაზში დაბრუნება აიძულა.

 

საბრძოლო მოქმედებათა მართვის ცენტრში პუტინმა ძალებისა და საშუალებების რიცხოვნობის მრავალგზის გაზრდის, მათ შორის ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის გარედანაც, და სამხედრო მოქმედებების ინტენსივობისა და მასშტაბების მნიშვნელოვანი ესკალაციის გადაწყვეტილება მიიღო.

 

„პუტინი... უშუალოდ ხელმძღვანელობდა ამ ოპერაციის მსვლელობას“ (36:20:37.00). მაგრამ „თავდაპირველი ბრძანება დიდი დაგვიანებით გაიცა“ (35:40-35:50). „9 აგვისტოს ყველაფერი დალაგდა. და, უპირველეს ყოვლისა, რუსულმა არმიამ საკუთარი ადგილი იპოვა. რეალური გარდატეხა 9 აგვისტოს მოხდა“ (39:50-40:00). საგრძნობლად გაიზარდა ჯარის რაოდენობა, რომელმაც როკის გვირაბი 9-დან 10 აგვისტოს ღამით გაიარა.

 

პუტინმა ჯარს ასევე „ახალი მიზნები და ამოცანები“ დაუსახა, საქართველოს „სამხედრო ძალების სრული განადგურებისა“ და თბილისის აღების ჩათვლით (40:30-40:50).

 

ანდრეი ილარიონოვი.

 

თარგმნა მარინა თოფურიძემ

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !