-
2016-08-21 07:19
განახლებულია 10:36:32 - პოლიციელი, რომელიც 22 წლის დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის გამოძიებაში ფიგურირებს, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდება, რაც გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის წევრებისა და მეზობლების უკმაყოფილებას იწვევს. ამის შესახებ "ქუთაისი თუდეი" წერს, თუმცა, ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფენ შსს-ში.
სააგენტო ფოტოსაც ავრცელებს, სადაც თითქოს პოლიციის "პიკაპში" მყოფი გოდერძი თევზაძე ზის. შეგახსენებთ, სწორედ გოდერძი თევზაძის მხრიდან ძალადობაზე წერდა თვითმკვლელობამდე თავის უკანასკნელ წერილში 22 წლის დემურ სტურუა, რის შემდეგაც, გამოძიების დასრულებამდე, თევზაძე დაკავებული თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა.
თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, გადადგომა მხოლოდ ფორმალურად მოხდა და, სინამდვილეში, გოდერძი თევზაძე ისევ აგრძელებს თავისი მოვალეობის შესრულებას.
"აფხაზეთის ხმამ" ინფორმაცია შსს-ში გადაამოწმა, სადაც აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. შსს-ში აცხადებენ, რომ პრაქტიკულად, გამორიცხულია, თევზაძე პოლიციის მანქანაში ყოფილიყო, რადგან მან გადადგომის დღესვე ჩააბარა ჟეტონიც, იარაღიც და მანქანაც:
"ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება და არც გავრცელებულ ფოტოზე აღბეჭდილი მანქანაა შსს-ს სამტრედიის სამმართველოს ბალანსზე. ცხადია, არც მანქანაში მსხდომთაგან არის რომელიმე გოდერძი თევზაძე - შეუძლებელია, ის პოლიციის მანქანაში აღმოჩენილიყო, დეტალები გადამოწმდა და გაირკვა, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა", - გვითხრეს შსს-ს პრესსამსახურში.