
ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია „კრისტის“ აუქციონზე ფიროსმანის ტილოს გაყიდვასთან დაკავშირებულ თემებს "ფეისბუქზე" ეხმიანება და „ფობიას“ უწოდებს აკვიატებას, რომ ტილო საქართველოს უნდა დაბრუნებოდა.
ამასთან, ხელოვნებათმცოდნე წერს, რომ ძალიან ცუდია, თუ მართალი აღმოჩნდება ინფორმაცია, რომ ტილო ბიძინა ივანიშვილმა იყიდა, რადგან მისი თქმით, ის ორიგინალს სადმე ბანკში შეინახავს, ნახატის ასლს კი სადმე, სამზარეულოში თუ ნახავენ.
სოფო კილასონიას აზრით, მთავარი პრობლემაა არა ის, რომ ფიროსმანი ნახატი საქართველოს ფარგლებს გასცდა და „კრისტის“ აუქციონზე გაიყიდა, არამედ ის, რომ ის იქ წარმოდგენილი იყო, როგორც რუსი მხატვრის ნამუშევარი და ასევე ის, რომ იაფად გაიყიდა:
„ფიროსმანი "კრისტის" აუქციონზე - ეს თემა გამოვტოვე. გადავხედე რა ფრენდების სტატუსებს, ცოტა გამიკვირდა. ამიტომაც დაგვიანებით ვწერ. არ ვიცი რატომ არ გვიხარია ქართველი მხატვრის საერთაშორისო და თან მაღალი რანგის არტბაზარზე გასვლა.
ამ პროცესში ყველაზე კარგი ის არის, რომ "კრისტიზე" გავიდა და გაიყიდა. აბა რა გვინდოდა? ჩვენს მუზეუმში არაფრისმთქმელ ექსპოზიციაში დარჩენილიყო? სამ-სამ რიგად რომ გვიკიდია კედლებზე, ცხელ დარბაზებში და არც კონტექსტზე და არც არაფერზე ნაფიქრი რომ არ გვაქვს? ამ ამბავში ორი სულ სხვა მძიმე პრობლემაა.
1. აუქციონზე ფიროსმანი რუსული ხელოვნების კატეგორიით წარსდგა. ეს არის ძალიან დიდი მარცხი როგორც ქართული მეცნიერების, ისე საქართველოს კულტურის მართვა-მენეჯმენტის და შესაბამისი უწყებების უნიათობის დასტური. ჯერ კიდევ როდის გავიგეთ ამ პრობლემის შესახებ?! მაგრამ დარწმუნებული ვარ სპეციალური ვიზიტით სამინისტროდან არავინ წასულა ვითარების გამოსასწორებლად. იმაშიც მეპარება ეჭვი, რომ რიგიანი წერილი მიეწერათ ან ამ ამოცანის გადასაჭრელად გავლენიანი უცხოელი ("კრისტის" აუქციონისთვის ავტორიტეტული) მკვლევარებისთვის მიემართათ.
2. და მეორე დიდი პრობლემა ეს არის ფასი. ფიროსმანი გაიყიდა ძალიან იაფად. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული კულტურის პოპულარიზაცია-შეფასებას საერთაშორისო სივრცეში ვერ ვაღწევთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული კულტურის დღეები დასავლეთში, რომელთათვისაც ძალიან ბევრი ფული იხარჯება, ძალიან ცუდად არის დაგეგმილი.
ძალიან ზედაპირულ-პრიმიტიულად. ვიდრე კულტურის პოპულარიზაციად კულტურის სამინისტროს და სხვა უწყებებს მხოლოდ ქართული ცეკვა-სიმღერის კონცერტები ესახება, ისიც რომელიმე ქალაქის მოედანზე, იქამდე არაფერი შეიცვლება.
იქამდე საქართველო იქნება სტალინის და შევარდნაძის ქვეყანა. ან უფრო მარტივად - ეგზოტიკა. ველური სამყარო", - წერს სოფო კილასონია "ფეისბუქზე", ხოლო შემდეგ, ამ სტატუსის კომენტარებში კიდევ ერთხელ ეხმიანება ნახატის საქართველოში დაბრუნების თემას:
"რატომ უნდა დაებრუნებინა საქართველოს? თუ ჩვენ გვინდა მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ქართული ხელოვნება მსოფლიო კულტურულ კონტექსტშიც მნიშვნელოვანია, თუ ვწერთ და ვასაბუთებთ, რომ ნიკო ფიროსმანიშვილი მეოცე საუკუნის ევროპული ხელოვნების ნაწილია თავისი მხატვრულ-ესთეტიკური მსოფლხედვით, მაშინ ჩვენ უნდა შევეგუოთ და მეტიც, გვიხაროდეს, რომ ის რაც ჩვენია, ამავდროულად არის ევროპისაც.
ჩვენ ვიხარშებით ჩვენს ფობიაში, რომ ვიღაც რაღაცას წაგვართმევს. არ არის ეს სწორი და თანამედროვე გარემოსათვის შესაფერისი აზროვნების სტილი. ფრანგი მოდერნისტების მხატვრობა მთელი მსოფლიოს დიდი მუზეუმებშია გადანაწილებული, რაც ზრდის მათდამი ინტერესსაც და სხვათაშორის, ფასსაც . ზრდის ზოგადად ფრანგული ხელოვნებისადმი ინტერესსსაც.
ჩვენ გვავიწყდება, რომ ვართ მსოფლიოს ნაწილი. გვინდა კულტურული ურთიერთობები, მაგრამ გვაშინებს რაღაცის გაზიარება.
ვერც ფიროსმანს და ვერც ვერაფერს ვერ წაგვართმევენ, თუ მოწოდების სიმაღლეზე იქნება ერთი მხრივ, სახელმწიფო სტრატეგია კულტურის სფეროსა და საგარეო ურთიერთობებში და მეორე მხრივ, თუ საერთაშორისო დისკურსში მოექცევა ქართული მეცნიერება.
მოდით, ვიდარდოთ იმაზე, რომ ქართულ კულტურაზე ცოტა კვლევა იწერება და იბეჭდება საზღვარგარეთ. ვიდარდოთ იმაზე, რომ არავინ არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო თავისი კულტურით ჩაეწეროს და ადგილი დაიმკვიდროს სერიოზულ და გავლენიან სამეცნიერო და კულტურულ ველებში.
როცა ვსაუბრობ კულტურის პოლიტიკის მნიშვნელოვნებაზე და სამინისტროს კარიკატურულ ფუნქციონირებაზე, ხალხი უკვე ფიქრობს რომ აკვიატებული იდეები მაწუხებს. არადა, ზუსტად ახლა, ამ აუქციონზე ძალიან ცუდი რამ მოხდა, სწორედ ამ მიზეზების გამო.
თქვენ ფიქრობთ რომ ფიროსმანი, როგორც რუსი მხატვარი ერთჯერადად დაფიქსირდა? არა. ამ აუქციონთან დაკავშირებით გამოვა ბევრი პუბლიკაცია, ბევრი გამოცემა. და ყველგან ეწერება, რომ ის რუსი მხატვარია. გარკვეულ გავლენიან საზოგადოებაში ამ ინფორმაციის შეცვლა ძალიან გართულდება.
იმიტომ რომ "კრისტის" აუქციონი უფრო გავლენიანია ამ საზოგადოებისთვის, ვიდრე ბატონი ბიძინა, ან ბატონი მ. გიორგაძე, რომელიც რაღაცას გაიფაფხურებს, როცა გამოიღვიძებს.
პ.ს. ძალიან ცუდია თუ ბიძინამ იყიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ნამუშევარს შეინახავს სადღაც ბანკში. მის ასლს კი ნახავენ მხოლოდ მის სამზარეულოში, მისი ახლობლები. ბიძინა ივანიშვილი ნამდვილად არ არის ევროპული ყაიდის კოლექციონერი...“, - წერს სოფო კილასონია.
შეგახსენებთ, კულტურის მინისტრის მოსდგილის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფიროსმანის ტილო ბიძინა ივანიშვილმა და მისმა მეუღლემ შეიძინეს.