
"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ მომავალში კიდევ რამდენიმე მკვლელობაა დაგეგმილი, თუმცა, ვერ აკონკრეტებს, ვის მოკლავენ.
ამის შესახებ ინაშვილმა საგანგებო პრესკონფერენციაზე ისაუბრა და დაამატა, რომ "მკვლელობების დამკვეთი სააკაშვილია, რომელიც კიევში ზის". მისი თქმით, არსებობენ ძალები, რომლებსაც შესწევთ უნარი, "საქართველოში ჩამოიყვანონ ყველა უბედურების მოთავე სააკაშვილი და ადეიშვილი" და თუ ხელისუფლებას არ შესწვს უნარი, ეს გააკეთოს, თავად ხალხი და "პატრიოტთა ალიანსი" გააკეთებს ამას.
შეკითხვაზე, კონკრეტულად ვინ იქნება მკვლელების მორიგი ადრესატი, ირმა ინაშვილმა უპასუხა, რომ ეს მოგვიანებით ეცოდინება:
"არ ვიცი, ვინ იქნება შემდეგი. იმიტომ არ ვიცი, რომ ჯერ მათაც არ იციან, შერჩევის პროცესში არიან. როგორც კი შეარჩევენ, მეცოდინება და ისევ მათივე გარამოვისგან მეცოდინება, სხვათა შორის", - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, მანამდე ინაშვილმა "იმედის კვირაში" დაუგეგმავი ჩართვის დროს განაცხადა, რომ მის მოკვლას დიღმის ტრასაზე საპირისპიროდ მომავალი მანქანის დაჯახებით აპირებდნენ, რასაც კომენტარები მოჰყვა, რომ იქ მოძრაობა ცალმხრივი იყო და შეჯახება ვერ მოხდებოდა. რამდენიმე დღის წინ კი "ობიექტივის" ჟურნალისტმა ნინო ჯღარკავამ უშუალოდ მიმართა შს მინისტრს, გამოუყოს პირადი დაცვა, რადგან, მისი თქმით, ნაციონალებისგან მის ლიკვიდაციას ელოდება.