
საქართველოს პარლამენტის ტავმჯდომარენ დავით უსუფაშვილმა "მაესტროს ცხრიანში" ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა და "რადარებიდან გაქრობასთან" დაკავშირებული მისი ძველი განცხადება დაუწუნა.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წელს განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა უკვე რადარებზეც არ ჩანს", რასაც არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
"მე ჩემს კოლეგას და მეგობარს ირაკლი ღარიბაშვილსაც მივმართავ, საკუთარ თავსაც მივმართავ, ჯობია ჩვენ ჩვენი გაკეთებული საქმეებით მეტად დავანახოთ საზოგადოებას ჩვენი უპირატესობა, ჩვენი სისწორე და საჭიროება ამ ქვეყნისთვის და ამით უკეთესად მოხდება ვიღაცეების გაქრობაც, რადარებიდან წასვლა და პროცენტების დაწევა.
საქართველოს მოსახლეობა არის მოცემულობა – ის ვერ იმატებს და ვერ იკლებს ჩვენი სურვილებიდან გამომდინარე. რაც მეტ ადამიანს მოვწონვარ მე, რაც მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ჩვენ სწორი რეფორმა ჩავატარეთ ჯანდაცვაში, ამაზე უკეთესი წინადადებები თუ გვექნება, ჩვენს მიერ გარემონტებული გზები, მომატებული პენსიები, გათავისუფლებული ბიზნესი და მედია, აშენებული შენობები და ა.შ.,
ამის კეთებით მოხდება ის, რომ თუ წინა არჩევნებზე მხარს გვიჭერდა 57%, ახლა ბევრს და კარგს რომ გავაკეთებ, კიდევ დამიჭერს მხარს 17% და ვის მოაკლდება ეს 17%? იმ ვიღაცას, ვისი რადარიდან გაქრობა თუ დასუსტებაა ამოცანა. თუ პირიქით იქნება ეს ამბავი, მე ვილაპარაკებ, რომ ახლა ამის დასასუსტებლად ვაკეთებ ამას და არა შენს გასაძლიერებლად, ძვირაფასო მოქალაქე, პროცესი წავა უკუღმა", - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ.
"ინტერპრესნიუსის" მიხედვით